თბილისი, 20 მაისი — Sputnik. კიევის საფეხბურთო კლუბი „დინამო“ ქართველი ფორვარდის, გიორგი ქვილითაიას შეძენითაა დაინტერესებული, იუწყება ვებგვერდი online.ua.
წყაროს ინფორმაციით, ტრანსფერის თანხამ შესაძლოა ერთი მილიონი ევრო შეადგინოს. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ან რა სტადიაზეა მოლაპარაკება.
თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი, 22 წლის გიორგი ქვილითაია წლევანდელი საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. ეროვნული პირველობის 28 მატჩში მან 23 გოლი გაიტანა, კიდევ ხუთი კი საქართველოს თასისთვის ბრძოლებში შეაგდო მოწინააღმდეგის კარში.
ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ქვილითაიამ ოთხი შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ თავის გამოჩენა ჯერჯერობით ვერ მოახერხა.
საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გიორგი ქვილითაია შეკრებაზე გამოიძახა, რომელიც ავსტრიაში 24 მაისს იწყება.