თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ერთიანი სავაჭრო ქსელის (TFS) ელექტრონული სისტემა, რომელიც საქარტველოს იუსტიციის სამინისტომ აამუშავა, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში ჩართულ რგოლებს (კომპანიებს) შორის ინფორმაციის ელექტრონულად, ავტომატურ რეჟიმში გაცვლის საშუალებას მისცემს.
„მასში ჩართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, დაზოგონ დრო, ფინანსები და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ონლაინ რეჟიმში აწარმოონ ყველა ის ოპერაცია, რაც დაკავშირებულია საქართველოში ან/და საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვასთან, — იტყობინება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.. ქსელი ყოველწლიურად 1 მილიონ ქაღალდის დოკუმენტს ჩაანაცვლებს, ბიზნესმენებს კი წლის განმავლობაში 4.5 მილიონი დოლარის დაზოგვის საშუალებას მისცემს.
დღემდე ერთიანი სავაჭრო ქსელი საპილოტე რეჟიმში მუშაობდა. ამ პერიოდში გამოვლინდა და აღმოიფხვრა საოპერაციო ხარვეზები. ამჟამად სისტემა აერთიანებს ფოთისა და ბათუმის პორტებს, რამდენიმე საზღვაო ხაზს, საბაჟო ტერმინალსა და სატრანსპორტო კომპანიას. სისტემის ოფიციალურად გაშვების შემდეგ პროგრამაში ჩართული ახალი სუბიექტების რაოდენობა მკვეთრად მოიმატებს, რადგან საზღვაო ხაზების, საბაჟო ტერმინალებისა და სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენელთათვის უკვე ჩატარდა სპეციალური ტრენინგები ქსელის ფუნქციების გასაცნობად.
მასზე მუშაობა 2012 წლიდან დაიწყო. სამუშაო პროცესში ჩართული იყვნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტები, გადამზიდავი კომპანიები, საბაჟო ტერმინალები, რკინიგზა, ექსპედიტორები და სხვ.