თბილისი, 19 მაისი — Sputnik. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 21 მაისს ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მასალებზე დაყრდნობით წარმოადგენს პროექტს — „აღადგინე ისტორია შსს-ს არქივთან ერთად!“
როგორც, სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია იტყობინება, პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება შსს —ს არქივის სპეციალური გამოშვება —,,არქივის კვალდაკვალ-ზუგდიდი“, სადაც ასახულია არქივში არსებული მასალების მცირე ნაწილი, რომლებიც ეხება ზუგდიდის რაიონს. კერძოდ, კრებულში თავმოყრილია გასულ საუკუნეში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი შემდეგი დოკუმენტაცია: ზუგდიდის მაზრის მონაწილეობა 1924 წლის აჯანყებაში; გასაბჭოებიდან ერთი წლის თავზე დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა; 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა და ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიები; სპეცოპერაციის დროს, ერთ ღამეში გადასახლებულ ზუგდიდელთა გვარ-სახელები.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, კრებულში თავმოყრილი საინტერესო მასალები, მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს დაუმახინჯებლად, პირველწყაროდან მიაწვდის ფაქტობრივ მონაცემებს მათი კუთხის უახლესი ისტორიის შესახებ.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება შსს-ს არქივში დაცული მასალების საფუძველზე მომზადებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმები:,,სარია ლაკობა“,,,წართმეული პირველობა“ და,,ზვიად გამსახურდიას წერილი ალექსი ინაურს“.
გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობაში კინოჩვენებასთან ერთად მოეწყობა გამოფენა ბანერებისა და სხვა ილუსტრირებული მასალის სახით.