თბილისი, 19 მაისი — Sputnik. მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი 2030 წლისთვის ქალაქებში იცხოვრებს და მსოფლიო მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) 80%-ს შექმნის, აღნიშნულია დასახლებულ პუნქტებთან დაკავშირებით გაეროს პროგრამის (UN Habitat) მოხსენებაში.
დოკუმენტის თანახმად, ამჟამად მსოფლიო მოსახლეობის მეხუთედი ნაწილი სულ 600 ქალაქში ცხოვრობს, რომლებზეც გლობალური მშპ-ის 60% მოდის.
ამასთან, სწრაფად განვითარებად ურბანულ ცენტრებად აღიარებულია საშუალო და მცირე ქალაქები, რომელთა მოსახლეობა 1 მილიონზე ნაკლებია. მათზე მოდის მსოფლიო მოსახლეობის 59%-მდე.
მოხსენების ავტორები აცხადებენ, რომ ურბანიზაციის პროცესი უახლოეს 14 წელიწადში მდგრადი განვითარების ახალი მიზნების მისაღწევად შესაძლებლობებს იძლევა. თუმცა, თუ ურბანიზაციის პროცესი დაუგეგმავად მიმდინარეობს და არ იმართება, ურბანიზაციამ, შესაძლოა, ადამიანთა შორის უთანასწორობა, ჯურღმულების გაფართოება და დამანგრეველი კლიმატური ცვლილებები გამოიწვიოს.
ასევე, მე-20 საუკუნის მიწურულის მონაცემებთან შედარებით, მოსახლეობაში უთანასწორობის დონის გაზრდა აღინიშნება.
აშშ-ის მოსახლეობის აღწერის ბიუროს მონაცემებით, დედამიწის მოსახლეობა 2016 წლის 1 იანვრისთვის დაახლოებით 7,3 მილიარდი ადამიანია.