უსახლკაროებმა თბილისის პარლამენტთან აქცია გამართეს

© Levan Avlabreliუსახლკაროთა მხარდამჭერი აქცია
უსახლკაროთა მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღოს კანონი უსახლკაროების შესახებ და დაიწყოს მათი რეგისტრაცია.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. თბილისის პარლამენტის წინ რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა და ხელისუფლებას უსახლკაროების დახმარება მოსთხოვა.

აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ გახლდათ, რომელმაც უკვე შექმნა უსახლკაროთა მონაცემების ბაზა. აღწერა მ აჩვენა, რომ თბილისში 2360 ოჯახია საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი.

„ჩვენს არ ვფიქრობთ, რომ აქცია პროტესტის კარგი ფორმაა. შევეცადეთ, ხელისუფლების წარმომადგენლებთან გვემუშავა, პრემიერ–მინისტრსაც მივმართეთ წერილით და საპარლამენტო ფრაქციებსაც, მაგრამ აქამდე არ მიგვიღია პასუხი“, — უთხრა Sputnik–ს ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამარ იოვაშვილმა.

მისი აზრით, აუცილებელია ხელისუფლებამ უსახლკაროების შესახებ კანონი მიიღოს, მიანიჭოს მათ შესაბამისი სტატუსი და დაიწყოს საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ოჯახების ოფიციალური რეგისტრაცია. 
არასამთავრობო ორგანიზაციას უკვე შემუშავებული აქვს უსახლკაროს სტატუსის განმსაზღვრელი კანონპროექტი.

5 წლის უსახლკარო გოგონა დედასთან და ოთხ დასთან ერთად მიტოვებულ საბავშვო ბაღში ცხოვრობს - Sputnik საქართველო
თბილისში 86 ათასი პოტენციურად უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს

„საქართველოში ვითარება მართლაც  კატასტროფულია და ასე აღარ შეიძლება გაგრძელდეს, ვინაიდან უსახლკარო ოჯახების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად იმატებს. „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება ამ საკითხში გარკვევა იყო, მაგრამ ოთხი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა“, — ხაზგასმით აღნიშნა იოვაშვილმა.

ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ ამ ეტაპზე საქართველოს რეგიონებში ადგენს უსახლკაროების რაოდენობას.

აქციის ორგანიზატორები მზად არიან, შეიკრიბნენ აქციაზე ყოველ ხუთშაბათს, თუკი ხელისუფლება მათ მოთხოვნებზე რეაგირებას არ მოახდენს.

„1992 წელს ჩემმა მშობლებმა სამშენებლო კომპანიაში შეიტანეს ფული. სამოთახიანი ბინა უნდა მოეცათ, მაგრამ დღემდე არც არაფერი მიგვიღია და ვეღარც ფული დავიბრუნეთ. იმის შემდეგ ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ“, — უთხრა Sputnik–ს თბილისელმა ნანა ვარაზაშვილმა.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი მაია ნიკოლაიშვილი ორი შვილის დედაა, რომელთაგან ერთს ცერებრალური დამბლა აქვს.

„რაიონული ადმინისტრაცია ქირის ფულს მიხდის, რისიც დიდი მადლობელი ვარ, მაგრამ ძალიან  ხშირად მიწევს საცხოვრებლის გამოცვლა. მეზობლები ჩივიან, რომ მათი შვილები ჩემი ავადმყოფი ბავშვისგან ცუდ მიმიკებს ითვისებენ. საკუთარი ბინა რომ მქონდეს, იქიდან ხომ ვეღარავინ გამომაგდებდა?“ — განუცხადა სააგენტოს ნიკოლაიშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0