თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ახალგაზრდა ფოტოჟურნალისტების საერთაშორისო კონკურსმა, რომლის ორგანიზატორია მედიაჯგუფი „როსია სეგოდნია“, იუნესკოს საკითხებში რუსეთის კომისიის ეგიდით 10 ქვეყნის წარმომადგენელთაგან შემდგარი შორტ-ლისტი გამოაცხადა.
კონკურსმა, რომელიც „როსია სეგოდნიას“ სპეციალური კორესპონდენტის ანდრეი სტენინის სახელს ატარებს, 2016 წელს მონაწილეთა გეოგრაფიის მიხედვით რეკორდი დაამყარა. საუკეთესოს წოდებისთვის ახალგაზრდა ფოტოგრაფები მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 71 ქვეყნიდან იბრძოდნენ. შორტ-ლისტში შევიდნენ რუსეთის, ჩინეთის, სირიის, იტალიის, ესპანეთის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. ამგვარად, კონკურსი გახდა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ადგილი, სადაც საერთაშორისო ფოტოინდუსტრიაში ახალ სახელებს პოულობენ.
შორტ-ლისტი კონკურსის ვებგვერდზე stenincontest.ru-ზე გამოქვეყნდა.
საპრიზო ადგილების მფლობელთა ვინაობა 4 აგვისტოს გახდება ცნობილი. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია და გრან-პრის გამოცხადება მოსკოვში, კონკურსის ლაურეატების ნამუშევართა გამოფენის გახსნის ცერემონიაზე, 30 აგვისტოს გაიმართება. ტრადიციულად, გამარჯვებულების ნამუშევრები 2016 წლის ბოლომდე რუსეთსა და უცხოეთის ქვეყნებში გამოიფინება.
„წელს კონკურსმა ხარისხისა და მონაწილეთა შემადგენლობის მიხედვით რეკორდული შედეგები აჩვენა. ამასთან, კონკურსმა გასული წლის შედეგებს გადააჭარბა — ხუთივე კონტინენტის 71 ქვეყნიდან დაახლოებით 6000 ნამუშევარი შეაგროვა. ძალიან გვიხარია, რომ ახალგაზრდა ფოტოჟურნალისტების სახელების ისტორიაში ჩაწერას შევძლებთ“, — განაცხადა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ ფოტოინფორმაციის გაერთიანებული დირექციის დირექტორმა ალექსანდრ შტოლმა.
2016 წლის ჟიურის შემადგენლობაში არიან მსოფლიო და რუსული ფოტო და არტსაზოგადოებების ლიდერები, ხელმძღვანელია ექსპერტი და სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ (აშშ) ფოტოსამსახურის დირექტორის მოადგილე დენის პექუინი (Denis Paquin). ჟიურიმ ახალგაზრდა ფოტოგრაფების ნამუშევრები ხუთ ნომინაციაში განიხილა“: „მთავარი ახალი ამბავი“, „მსოფლიოს ფერები“, „სპორტი“, „ჩემი ქვეყანა“ და „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი“. თითოეულ ნომინაციაში კონკურსანტების მნამუშევრები ორ ნაკადად ფასდებოდა: „ერთეული ფოტოგრაფია“ და „სერია“. შედეგების მიხედვით ჟიურიმ შორტ-ლისტი შეადგინა და გრან-პრის გამარჯვებული აირჩია.
„ძალიან მოხარული და ამაყი ვარ ჩვენი არჩევნით. ბევრს ვკამათობდით, მაგრამ საბოლოოდ კონსენსუსს მივაღწიეთ. იმდენად კარგი ნამუშევრები იყო, რომ მათგან უმრავლესობის შერჩევა ცხადი იყო ჩვენთვის“, — აღნიშნა პექუინმა.
კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში არიან რუსეთისა და მსოფლიო ფოტოსაზოგადოების წამყვანი წარმომადგენლები, მათ შორის ოლგა სვიბლოვა – „მულტიმედია არტ მუზეუმის“ (ფოტოგრაფიის მოსკოვის სახლი) დამფუძნებელი და დირექტორი, რუსეთის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი (რუსეთი); დენი პაკენი – სააგენტო The Associated Press–ის ფოტოსამსახურის დირექტორის მოადგილე (აშშ), ჩჟენ ვეი — ახალი ამბების სააგენტო „სინხუას“ (ჩინეთი) ფოტოინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ალდო მენდიკი — იტალიელი ფოტოგრაფი, საგანმანათლებლო კურსებისა და სემინარების ორგანიზატორი და სხვები.
ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერასა და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის ამოცანებისადმი საზოგადოების ყურადღების მიქცევას. კონკურსი რუსეთში ერთადერთი ადგილია, სადაც ფოტოგრაფთა საერთაშორისო საზოგადოება ფოტოჟურნალისტიკის სფეროში ახალ სახელებს პოულობს, მხარს უჭერს და ავითარებს მაღალ სტანდარტებს, აყალიბებს დოკუმენტური ფოტოგრაფიის ხარისხის კრიტერიუმებს რუსეთსა და მსოფლიოში.