თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსის მონაწილე ხუთივე კონტინენტის ქვეყნებია. მანამდე გამოგზავნილი ნამუშევრების ავტორებს საფრანგეთიდან, ბრაზილიიდან, რუსეთიდან, ფინეთიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ინდოეთიდან და თურქეთიდან შეუერთდნენ ავტორები აშშ-დან, ჩინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ბულგარეთიდან, პერუდან, ავსტრალიიდან, ეგვიპტიდან, კენიიდან, ზიმბაბვედან, ბანგლადეშიდან, იუწყება საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ პრეს-სამსახური.
კონკურსის ორგანიზატორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნია“, კონკურსი იუნესკოს საკითხებში რუსეთის კომისიის ეგიდით მიმდინარეობს. ნამუშევრების მიღება გრძელდება 2016 წლის 22 მარტის ჩათვლით კონკურსის ვებ-გვერდზე stenincontest.ru.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 33 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. ის მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერასა და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის ამოცანებისადმი საზოგადოების ყურადღების მიქცევას. კონკურსზე ნამუშევრები ხუთ ნომინაციაში მიიღება, ესენია: „ჩემი ქვეყანა“, „მსოფლიოს ფერები. ცხოვრების ჰარმონია“, „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი“, „მთავარი ახალი ამბები“ და „სპორტი“. ჟიურის კენჭისყრის შედეგებით თითოეულ ნომინაციაში სამი საპრიზო ადგილი განისაზღვრება, ასევე გაიცემა განსაკუთრებული ჯილდო — „გრან-პრი“.
„გრან-პრის“ პრეტენდენტს ჟიურის წევრები ყველა ნომინაციაში წარმოდგენილი ნამუშევრებიდან ხმათა უმრავლესობით შეარჩევენ. „გრან-პრისთვის“ გაიცემა 500 ათასი რუბლი და ის ყველაზე საინტერესო ნამუშევარს ერგება.
კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში არიან რუსეთისა და მსფოლიო ფოტოსაზოგადოების წამყვანი წარმომადგენლები, მათ შორის ოლგა სვიბლოვა – „მულტიმედია არტ მუზეუმის“ (ფოტოგრაფიის მოსკოვის სახლი) დამფუძნებელი და დირექტორი, რუსეთის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი (რუსეთი); დენი პაკენი – სააგენტო The Associated Press–ის ფოტოსამსახურის დირექტორის მოადგილე (აშშ), ჩჟენ ვეი — ახალი ამბების სააგენტო „სინხუას“ (ჩინეთი) ფოტოინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ალდო მენდიკი — იტალიელი ფოტოგრაფი, საგანმანათლებლო კურსებისა და სემინარების ორგანიზატორი და სხვები.