თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საზოგადოებრივ მაუწყებელში რეორგანიზაცია თანამშრომლების ხელფასების რაოდენობის გადახედვასაც ითვალისწინებს, განუცხადა ჟურნალისტებს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გვიმრაძემ.
„ხელფასების მატებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი, ამ რეორგანიზაციის პროცესში დადგინდება ანაზღაურებაც და განისაზღვრება ადამიანების კვალიფიკაციის შესაბამისად ის რანგი, რომელ რანგსაც ისინი განეკუთვნებიან… ვიღაცებს შეიძლება ხელფასი მოემატოთ, ვიღაცები შეიძლება სამსახურს დაემშვიდობონ“, — აღნიშნა გვიმრაძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, გრიგოლ გოგელიას თქმით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია, თუმცა შესაძლოა მასში კორექტივები შევიდეს.
შეგახსენებთ: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ ჟურნალისტები, ოპერატორები და ტექნიკური პერსონალი გაფიცვით იმუქრებიან, თუ ხელფასებს 20–50%-ით არ მოუმატებენ და შრომის პირობებს არ გაუუმჯობესებენ.
პეტიციას ხელი „მოამბის“ 83-მა თანამშრომელმა მოაწერა. ტელეკომპანიის თანამშრომელთა ჯგუფი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სთხოვს მედიატორობას. თუ 21 დღის განმავლობაში სამინისტრო პეტიციის ავტორებთან შეხვედრას არ გამართავს, ისინი გაფიცვის დაწყებას აპირებენ.