თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის ევროპის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის ერთგულია და მხარს უჭერს სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფანთან დაკავშირებულ არსებულ და სამომავლო პროექტებს, — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტრანს-ადრიატიკის მილსადენის მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, — იტყობინება მთავრობის პრესსამსახური.
საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში დღეს საფუძველი ჩაეყარა ტრანს-ადრიატიკის (TAP) 800 კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობის დაწყებას.
ტრანს-ადრიატიკული მილსადენი (TAP) წარმოადგენს აღნიშნული ტრანსპორტირების მარშუტის ნაწილს საბერძნეთიდან ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით — სამხრეთ იტალიამდე. მისი სიგრძე 870 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე.
„სამხრეთ გაზის დერეფნის" პროექტში საქართველო სტრატეგიული პარტნიორია.
შაჰ დენიზის პროექტის მე-2 ფაზის ფარგლებში საქართველოში „სამხრეთ კავკასიური მილსადენის" გაფართოების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რაზეც 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება, საიდანაც 400 მლნ აშშ დოლარის მომსახურებისა და საქონლის შეძენა უშუალოდ საქართველოში ხდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ მილის გამტარუნარიანობა არსებული 6 მლრდ-დან — 16 მლრდ კუბური მეტრით გაიზრდება. სამხრეთ კავკასიური მილსადენის სიგრძე 690 კმ-ია.
სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტი მშენებლობის სხვადასხვა ეტაპებზე 2000 ადამიანს ასაქმებს, ხოლო დასრულების შემდეგ 130 სამუშაო ადგილს შექმნის. აღნიშნული მილსადენით, ბუნებრივი აირის გაზრდილი მოცულობების ტრანზიტი 2019 წლიდან დაიწყება, ხოლო 2020 წლიდან საქართველო ტრანზიტის საფასურად ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდამდე კუბურ მეტრ გაზს მიიღებს.
"თავისი მარშრუტის გაყოლებაზე, ტრანს-ადრიატიკის გაზსადენს შეუერთდება სხვა არსებული და დაგეგმილი მილსადენები, რის შედეგადაც ენერგორესურსების ბაზრები ხელმისაწვდომი გახდება სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნისთვის. ეს კი შესაძლებელს გახდის კასპიის ზღვის რეგიონის გაზის მიწოდებას სამხრეთ-აღმოსავლეთ, ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში. ამავე დროს, ეს იქნება მომავალში სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის შემდგომი გაფართოების და თურქმენეთისა და რეგიონში სხვა მიმწოდებელთა მხრიდან ბუნებრივი აირის რესურსების მოზიდვის კარგი შესაძლებლობა," — აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს სატრანზიტო როლზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო პარტნიორია.