თბილისი, 17 მაისი — Sputnik. მალტის დროშით მცურავი ტანკერი „RIROIL-5“ სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, ფოთის საზღვაო ნავსადგურში დააკავეს. გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა — 50 000 ლარის ოდენობით, ამის შესახებ შსს-ს საზღვრის დაცვის დეპარტამენტი იტყობინება.
გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, საქმის წარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.
წლის დასაწყისიდან საქართველოში სხვადასხვა სამართალდარღვევის ფაქტზე 32 მცურავი საშუალება დააჯარიმეს. მათგან 16-მა სასაზღვრო კონტროლის რეჟიმი დაარღვია, რვამ — საზღვაო მოძრაობის წესები, შვიდამ — გარემო დააბინძურა, ხოლო ერთი გემი თევზჭერის წესების დარღვევისათვის დააჯარიმეს.