თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ევროპის ჩემპიონატში პარაოლიმპიურ ფარიკაობაში კაპიტანი რომან აბაშიძე და კაპრალი თემურ დადიანი მიიღებენ მონაწილეობას. ჩემპიონატი იტალიის ქალაქ ტურინში იმართება, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
ევროპის ჩემპიონატი ეტლით ფარიკაობაში 17-22 მაისის პერიოდში იმართება.
რამდენიმე დღის წინ დაჭრილი სამხედროებით დაკომპლექტებულმა საქართველოს ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტურნირში „ძლიერთა თამაშები“ (InvictusGames) და მჯდომარე ფრენბურთში მესამე ადგილი დაიკავა.
გარდა ამისა, ამავე ტურნირის ფარგლებში, 100 მეტრზე სირბილში სერჟანტმა გიორგი ბოჭორიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
პარაფარიკაობა, ანუ ეტლით ფარიკაობა, როგორც სპორტის ცალკე სახეობა, ნეიროქირურგმა სერ ლუდვიგ გუტმანმა ინგლისში, სტოკ-მანდევილის საავადმყოფოში დააარსა.
სპორტის ეს სახეობა პირველად რომში, 1960 წელს, პარაოლიმპიურ თამაშებზე წარადგინეს.
შეჯიბრებებში მონაწილეობენ მამაკაცები და ქალები ამპუტირებული კიდურებით, ზურგის ტვინის ტრავმებითა და ცერებრალური დამბლით.