თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო ოპერაციებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ში გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართული „ძლიერთა თამაშებიდან“ (Invictus Games 2016) გამარჯვებულები დაბრუნდნენ, ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ქართველი მებრძოლებისგან დაკომპლექტებულმა ნაკრებმა საერთაშორისო შეჯიბრებაში — „ძლიერთა თამაშებში“ გუნდური მესამე ადგილი დაიკავა. 100 მეტრიან დისტანციაზე სირბილში ვერცხლის მედალი სერჟანტმა გიორგი ბოჭორიშვილმა აიღო. მჯდომარე ფრენბურთში კი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
„ძლიერთა თამაშების“ გამარჯვებულებისთვის სპონსორებისგან, კომპანიებისგან — JAGUAR-ი და LAND ROVER-ი, დამატებით დაწესებული იყო სპეციალური ჯილდო. პრიზები ინდივიდუალურად ორ-ორი ათლეტისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა, „ძლიერთა თამაშების“ აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, ქალბატონმა ვიქტორია გოსლინგმა და კომპანიების წარმომადგენლებმა დაუშვეს გამონაკლისი და LAND ROVER-ის ჯილდო: The Land Rover Above and Beyond Award საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მჯდომარე ფრენბურთის გუნდს გადასცეს. როგორც საერთაშორისო თამაშების ორგანიზატორებმა და სპონსორებმა აღნიშნეს, იმის დასტურად, რომ ქართველთა ასპარეზობამ გაუტეხელი ხასიათი, მებრძოლი სული და ურთიერთთანადგომა მთელს მსოფლიოს დაანახა. რაც „ძლიერთა თამაშების“ სულისკვეთებას ზუსტად გამოხატავს.
თავდაცვის სამინისტროში „ძლიერთა თამაშების“ პრიზიორებისთვის მიღება გაიმართა. მედალოსან სამხედრო მოსამსახურეებს გამარჯვება თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანიდან მიულოცა. თინათინ ხიდაშელი ქალაქ გაბალაში თავდაცვის მინისტერიალზე იმყოფება.
ბესარიონ ღუდუშაური, რომან აბაშიძე, ტრისტან ჩიტიძე, დავით დავლაშერიძე, ოთარ დოიჯაშვილი, ენვერ გიგლემიანი, პაატა ჯიბუტი, ხვიჩა ყალიჩავა, თეიმურაზ ლიპარტელიანი, მანუჩარ ნაყიშაშვილი, ტარიელ თევზაძე, გულადი თოდუა, გიგა ზივზივაძე და გიორგი ბოჭორიშვილი სპორტის სხვადასხვა სახეოებებში ასპარეზობდნენ. ესენია: მჯდომარე ფრენბურთი, მძლეოსნობა, სირბილი, მშვილდოსნობა და ნიჩბოსნობა.