თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი წუხს, რომ თბილისში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის აქცია ვერ ჩატარდა.
დღეს ქვეყანაში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება და თბილისის ცენტრში საზეიმო ღონისძიებები იმართება.
„მაშინ, როცა სხვადასხვა ჯგუფების მიერ დაგეგმილია არაერთი აქცია დედაქალაქის ცენტრალურ ადგილებში, სამწუხაროა, რომ ტრანსფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ღია ცისქვეშ ვერ მოხერხდა“, — ნათქვამია ომბუდსმენ ნანუაშვილის განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველისთვის აღმაშფოთებელია ის ჰომოფობიური განწყობა, რომელიც ჭარბადაა ქართულ საზოგადოებაში და რომელიც კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზაციას საფრთხეს უქმნის.
ნანუაშვილი ხელისუფლებას ჰომოფობიის პრევენციისა და მსგავსი ფაქტების აღმოფხვრისკენ მოუწოდებს.
დღეს სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი ქვეყნის მასშტაბით დააკვირდებიან ვითარებას. ამას გარდა, გახსნილია „ცხელი ხაზი“, რომელზე დარეკვაცაა შესაძლებელი ჰომოფობიის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში. ტელეფონის ნომერია: 14-81.