თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოს ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქციის გამართვას არ აპირებენ, რადგანაც მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ხელისუფლება დემონსტრანტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შეძლებს.
2013 წელს რამდენიმე ათასმა ადამიანმა, კერძოდ, ზოგიერთმა სასულიერო პირმა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისში ლგბტ უფლებების დამცველთა აქციის ჩატარებას ხელი შეუშალეს. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაპირისპირების შედეგად 28 ადამიანი დაშავდა.
„ჩვენ კატეგორიულად ვითხოვდით რუსთაველის გამზირზე შეკრების თავისუფლების უზრუნველსაყოფად საჭირო ზომების გატარებას, მაგრამ უშედეგოდ — ხელისუფლებამ არ მოგვცა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიები“, — აღნიშნულია „ლგბტ აქტივისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 17 მაისს ხელისუფლებამ მათ შეკრება დედაქალაქის ნებისმიერ ადგილას შესთავაზა, გარდა რუსთაველის გამზირისა, სადაც ამ დღეს ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით აქციაა დაგეგმილი. რუსთაველზე აქციის გამართვა მათ 19 მაისს შესთავაზეს, რათა თავიდან იქნას აცილებული 2013 წლის აქციისას არსებული ვითარება.
ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ვალდებულია, ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობისას, გამართონ საჯარო შეკრებები და აქციის ჩასატარებლად ადგილი და დრო თავისუფლად შეარჩიონ.