თბილისი, 17 მაისი — Sputnik. თბილისის რამდენიმე მოქალაქე, ქვეყანაში პორნოსაიტების ბლოკირებაში ხელშეწყობის თხოვნით, საქართველოს საპატრიარქოს შენობასთან შეიკრიბა.
ის, რომ საპატრიარქოსთან მხოლოდ რამდენიმე მშობელი მივიდა, შეკრებილებმა იმით ახსნეს, რომ არ უნდოდათ ამ მოვლენისთვის აქციის ან პროტესტის სახე მიეცათ, რადგან 17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება.
„ეს მოთხოვნა არ არის, ეს ჩვენი თხოვნაა. ჩვენ საპატრიარქოს წერილი გადავეცით და მისი ხელისუფლებასთან შუამავლობა ვთხოვეთ, რათა რაიმე ბერკეტი ამოქმედდეს და პორნოსაიტები დაიბლოკოს“, — განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა მაკო გომართელმა Sputnik-თან საუბრისას.
ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ იმ ოჯახებში დგას, სადაც არასრულწლოვანები არიან, აღნიშნა მან.
„ეს ბავშვური ცნობისმოყვარეობაა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ პორნოსაიტებზე არა მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებს, არამედ, ასე ვთქვათ, არატრადიციულ კავშირებსაც აჩვენებენ“, — აღნიშნა გომართელმა.
საპატრიარქოსთან შეკრებილებმა შეშფოთება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პრობლემაზე სათანადოდ არ რეაგირებს არც „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“ და არც სხვა ბევრი ცნობილი სახე, რომლებიც ოჯახურ და ზნეობრივ ფასეულობებს თავგამოდებით იცავენ.
„რა თქმა უნდა, სახლში კომპიუტერზე პორნოსაიტების დაბლოკვა შესაძლებელია, მაგრამ ბავშვების უმეტესობას სმარტფონები აქვთ და გარდა ამისა, ქალაქის ქუჩებში უფასო ინტერნეტია, შესაბამისად, მათთვის პორნოსაიტები ადვილად ხელმისაწვდომია“, — განაცხადა გომართელმა.