ერთხელ ჰენრი ფორდი რაღაც საქმეებზე ინგლისში გაემგზავრა. თვითმფრინავიდან ჩამოსული აეროპორტის ცნობათა ბიუროს მიადგა და ქალაქში ყველაზე იაფი სასტუმრო იკითხა.
ბიუროს თანამშრომელმა მოსულს შეხედა და, რაღა თქმა უნდა, იცნო. მის წინ საავტომობილო მაგნატი, მსოფლიოს ერთ–ერთი უმდიდრესი ადამიანი იდგა და ყველაზე იაფი სასტუმროს მისამართს კითხულობდა. უფრო მეტიც, ტანთ ძველისძველი პალტო ეცვა — გაცვეთილ–გაცრეცილი.
— თუ არ ვცდები, თქვენ ჰენრი ფორდი ბრძანდებით, არა?— ძლივს ამოღერღა გაოგნებულმა მოხელემ, რათა საბოლოოდ დარწმუნებულიყო, რომ არაფერი არ ეჩვენებოდა.
— დიახ, — უპასუხა მან.
საწყალი მოხელე ახლა კი საბოლოოდ დაიბნა:
— კი მაგრამ, ეს როგორ?! თქვენი ვაჟიც მინახავს ჩვენთან ჩამოსული, ის ყოველთვის საუკეთესო ოტელებში ჩერდება და ყოველთვის ძვირფასად აცვია. თქვენ კი…
ჰენრი ფორდმა ყურადღებით შეხედა მოხელეს და არაჩვეულებრივი სიტყვები უთხრა:
— დიახ, ჩემი ვაჟი ჩემგან განსხვავებულად იქცევა. ის ახალგაზრდაა და ჯერჯერობით, ცოტა არ იყოს, თავდაჯერება აკლია. მე არაფერში მჭირდება ძვირადღირებული სასტუმრო. სადაც არ უნდა გავჩერდე, მე ყველგან ჰენრი ფორდი ვარ — უძვირფასეს ოტელშიც და იაფფასიანშიც. დიახ, ეს პალტო მამაჩემის ნაქონია, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ, რაც უნდა ჩავიცვა — მე მაინც ჰენრი ფორდი ვარ — გაცვეთილ პალტოშიც და პრიალა სმოკინგშიც. ჩემი ვაჟი კი გამოუცდელია და ამიტომაც უფრთხის ხალხის აზრს. მე კი, მთლად შიშველიც კი, მაინც ჰენრი ფორდი ვარ. სხვა დანარჩენს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.