მორჩით წუწუნს! რა იცით, რას გიმზადებთ ბედისწერა?!

© Flickr/ Chris Potterწარმატების გასაღები
წარმატების გასაღები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ ვინმეს გაგაწვალებთ გულისგამაწვრილებელი და დამზაფრავი ფიქრები — ვგულისხმობ „აბა, რას მივაღწიე, რა გავაკეთე, რისი მაქნისი ვარ“ მსგავსს — მყის ეს სტატია გადაიკითხეთ და შვებით ამოთქვით: „უფ, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ მაქვს!“

ამასწინათ, ყურებზე „ნაუშნიკებჩამოცმული“ რაღაც ნაღვლიან-სევდიან კომპოზიციებს ვუსმენდი და ოფისის ფართო ფანჯრიდან „ვითომ თოვლის“ ფანტელებს გავცქეროდი… დიახ, სამსახურში ვიყავი და კი არ ვუსაქმურობდი, როგორც ახლა ბევრ თქვენგანს ჰგონია, არამედ ცხოვრების ავ-კარგზე ვფიქრობდი და თავში ფრიად ფილოსოფიური აზრები მიტრიალებდა. გამახსენდა ჩემი ყმაწვილობისდროინდელი ოცნებები და მიზნები, მისწრაფებები და საშინლად დამწყდა გული, რომ საჭირო სიმტკიცე ვერ გამოვიჩინე და პროფესიის არჩევისას მშობელ-ნათესავების შემოტევას დავყევი. არადა, ვინ ეკითხებოდათ?! იქნება რა წარმატებისთვის მიმეღწია, იმ გზას რომ გავყოლოდი, რაც თავად მქონდა შერჩეული. იქნებ „ბრჭყვიალა“ ვარსკვლავიც გავმხდარიყავი და თანაც ბლომად ფულიც მეშოვა? ვინ დამაცადა…
ამ ფიქრებში ჩაძირული, ლამის უკვე რომ ხმამაღლა ავქვითინდი ჩემს „ფუჭად ჩავლილ ცხოვრებაზე“, კომპიუტერს მივუბრუნდი, საქმეს მივხედო, რა დროს ფიქრია-მეთქი და შემთხვევით ისეთ სტატიას გადავაწყდი ინტერნეტში, გეგონება შეკვეთა მქონდა მიცემული გუნება-განწყობის ღმერთებისთვის, არიქა, „ხანდრა“ დამეტაკა და რამე გამამხნევებელი მამცნეთ, თორემ დავიღუპე-მეთქი…
მოკლედ, თუ ვინმეს ჩემსავით გაგაწვალებთ გულისგამაწვრილებელი და დამზაფრავი ფიქრები — ვგულისხმობ „აბა, რას მივაღწიე, რა გავაკეთე, რისი მაქნისი ვარ“ მსგავსს — მყის ეს სტატია გადაიკითხეთ და შვებით ამოთქვით: „უფ, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ მაქვს!“ იმიტომ, რომ:

•    „მაკდონალდსის“ დამაარსებელი რეი კროკი 52 წლამდე ქაღალდის ჭიქებს ჰყიდდა.

იმ დროისთვის ის დიაბეტით და ართრიტით იყო დაავადებული, ნაღვლის ბუშტი და ფარისებრი ჯირკვლის დიდი ნაწილი ამოკვეთილი ჰქონდა, ყურსაც აკლდა. მის ადგილას სხვა ცხოვრებაზე ხელს ჩაიქნევდა და წუწუნისა და მოთქმა-გოდების მეტს არაფერს გააკეთებდა, რეი კროკს კი, როგორც თავად თქვა, ერთი წუთითაც არ დაუკარგავს მომავლის იმედი… და მართლაც, ერთ მშვენიერ დღეს ძმები მაკდონალდები გაიცნო, რომლებიც „მაკდონალდსის“ გავრცელებაზე ლიცენზიას ჰყიდდნენ სულ რაღაც 15 ათას დოლარად — ნაღდ ფულზე.

© photo: Sputnik / ნატალია სელივერსტოვა / გადასვლა მედიაბანკშიმაკდონალდსი ნიუ-იორკში, თაიმ-სკვერზე
მაკდონალდსი ნიუ-იორკში, თაიმ-სკვერზე - Sputnik საქართველო
მაკდონალდსი ნიუ-იორკში, თაიმ-სკვერზე

რეი კროკმა ბანკიდან სესხის აღება გადაწყვიტა, მაგრამ არცერთმა ბანკმა არ დაუმტკიცა კრედიტი. საქმე ისაა, რომ კროკს ყველა იცნობდა — იცნობდა, როგორც ხელმოცარულ ბიზნესმენს, ვინაიდან მანამდე რა საქმესაც მოჰკიდა ხელი, ყველამ კრახი განიცადა.

სხვა გზა აღარ რჩებოდა და 52 წლის რეი კროკმა სახლისა და დაზღვევის დაგირავება გადაწყვიტა…

ამის შემდეგ მან კიდევ 30 წელი იცოცხლა და ასობით მილიონი დოლარი იშოვა.

თავის დროზე 15 ათას დოლარად ნაყიდი საქმის წლიური ბრუნვა დღეს 35.39 მლრდ დოლარს შეადგენს და წმინდა მოგების სახით 5. 46 მლრდ დოლარს ტოვებს.

•    ჰარლანდ დევიდ სანდერსი — იგივე პოლკოვნიკი სანდერსი 40 წლისა იყო, როდესაც საკუთარ ბენზინგასამართ სადგურზე მომხმარებლებისთვის „განსაკუთრებული რეცეპტით“ შემწვარი ქათმის მირთმევა გადაწყვიტა.

ჰარლანდ სანდერსი 6 წლისა იყო, მამა რომ გარდაეცვალა. დედა ბევრს მუშაობდა, მაგრამ ოჯახს მაინც ძალიან უჭირდა და ამიტომ ათი წლის ჰარლანდ დევიდმა მუშაობა დაიწყო. მეშვიდე კლასში სკოლა მიატოვა და სახლიდან წავიდა, ვინაიდან მამინაცვალი სცემდა. 16 წლის სანდერსმა დაბადების თარიღი გადაიკეთა და 16 წლისა მოხალისედ წავიდა აშშ-ის არმიაში. ბევრი პროფესია გამოიცვალა, სად აღარ იმუშავა: თბომავალზე თუ სადაზღვევო სააგენტოში, სახანძროში თუ რკინიგზაზე, ფერმერიც კი იყო.

© Flicker/ _BuBBy_ჰარლანდ დევიდ სანდერსის მიერ დაარსებული კომპანიის Kentucky Fried Chicken ლოგო
ჰარლანდ დევიდ სანდერსის მიერ დაარსებული კომპანიის Kentucky Fried Chicken ლოგო - Sputnik საქართველო
ჰარლანდ დევიდ სანდერსის მიერ დაარსებული კომპანიის Kentucky Fried Chicken ლოგო

40 წლისას კენტუკის შტატში, კორბინში საკუთარი ბენზოგასამართი სადგური ჰქონდა. სწორედ იმხანად მოუმწიფდა თავში იდეა, რომელმაც მალე Kentucky Fried Chicken-ის სწრაფი კვების ქსელის დამაარსებლად აქცია და მილიონები აშოვნინა. ბენზოგასამართ სადგურზე რესტორნის მსგავსიც კი არ იყო არაფერი, ამიტომ მისი კლიენტები ახლომდებარე კვარტლების ბინადრები იყვნენ. თუმცა მალე სახელი გაითქვა და ბიუჯეტის შემოსავლებმა წარმოუდგენელი თანხა შეადგინა.

თუმცა ჰარლანდ სანდერსს მალე კვლავ გაუჭირდა. ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობა დასრულდა ახლა ის მგზავრები, რომლებიც მანამდე მის ბენზოგასამართ სადგურზე ჩერდებოდნენ, ამ გზაზე „გადაბარგდნენ“.

არადა დევიდ ჰარლანდ სანდერსი უკვე 62 წლისა იყო.

და მაინც, სანდერსმა ჩემოდანი იღლიაში ამოიჩარა და ახლომდებარე რესტორნებს ჩამოუარა ერთადერთი ფრაზით: „მე უკეთესად ვწვავ ქათამს, ვიდრე თქვენ“. მაგრამ ყველგან უარს ეუბნებოდნენ, ზოგი ზღურბლს მიღმაც კი არ ადგმევინებდა ფეხს ასაკოვან კულინარს.

კარგა ხნის მერე ძლივს გამოჩნდა პირველი დამკვეთი. შეთანხმების მიხედვით, სანდერსი თითო შემწვარ ქათამზე 5 ცენტს იღებდა. მალე ამ ხუთ-ხუთი ცენტობით სერიოზული თანხა დაგროვდა, ვინაიდან კლიენტურა სწრაფად იზრდებოდა. 60-იანი წლების დასაწყისში ჰარლანდ სანდერსის კლიენტების სიაში ამერიკის ასობით რესტორანი შედიოდა.

დღეისათვის Kentucky Fried Chicken მოიცავს 30 000 ფრანშიზულ და 8 000 საკუთრებაში არსებულ დაწესებულებას. კომპანიის წლიური ბრუნვა 23 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

•    ამანსიო ორტეგა, Zara-ს მფლობელი, 37 წლამდე მაღაზიაში დამხმარედ მუშაობდა.

ამანსიომ საშუალო სკოლაც კი ვერ დაამთავრა, იმდენად უჭირდა მის ოჯახს. 13 წლისა იყო, მამაკაცის პერანგების მაღაზიაში შიკრიკად რომ დაიწყო მუშაობა. მალე ოჯახი საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდა, სადაც 14 წლის ამანსიო ერთ იტალიელ მოდელიერთან შეგირდად მოეწყო.

© Flickr/Richard, enjoy my life!ZARA-ს დამაარსებელი ამანსიო ორტეგა ჟურნალის ყდაზე
ZARA-ს დამაარსებელი ამანსიო ორტეგა ჟურნალის ყდაზე - Sputnik საქართველო
ZARA-ს დამაარსებელი ამანსიო ორტეგა ჟურნალის ყდაზე

 

უკვე 37 წლისა იყო, როცა ტრიკოტაჟის საწარმო დააარსა. ის და მისი ცოლი თავიდან სახლში კერავდნენ ქალის თეთრეულს. ერთხელაც, ერთმა კლიენტმა თეთრეულის მსხვილ პარტიაზე შეკვეთა გააუქმა. ბიზნესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. საქმის გადასარჩენად ამანსიომ და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს, თვითონ გაეყიდათ თეთრეული. სწორედ ასე გაჩნდა პირველი პატარა მაღაზია Zorba. ორტეგა უკვე 40 წლისა იყო.

2015 წლის ოქტომბერში „ფორბსმა“ ამანსიო ორტეგა პლანეტის უმდიდრეს ადამიანად აღიარა 79.7 მლრდ დოლარის ქონებით.

•    ჰენრი ფორდი 40 წლისა იყო, როდესაც Ford Motor Company დააარსა.

ის ირლანდიელი ემიგრანტის ოჯახში დაიბადა. 16 წლისა სახლიდან გაიქცა და დეტროიტში წავიდა. 36 წლამდე ედისონის კომპანიაში ინჟინერ-მექანიკოსის მოვალეობას ასრულებდა. სამუშაოსგან თავისუფალ დროს ავტომობილის კონსტრუირებაზე მუშაობდა და 30 წლისამ პირველი კონსტრუქცია შექმნა. 1899-1902 წლებში „დეტროიტის საავტომობილო კომპანიის“ თანამფლობელი იყო, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ფირმის სხვა მფლობელებთან უთანხმოების გამო მიატოვა კომპანია და Ford Motor Company დააარსა.

© Flickr/ Tom Rafteryთომას ედისონი და ჰენრი ფორდი
თომას ედისონი და ჰენრი ფორდი - Sputnik საქართველო
თომას ედისონი და ჰენრი ფორდი

კომპანია დღემდე არსებობს და წარმატებით განაგრძობს საქმიანობას. მისი წლიური ბრუნვა 128.954 მლრდ დოლარია, ხოლო წმინდა მოგება დაახლოებით 6.561 მლრდ წელიწადში…
ამას გარდა:

•    რონალდ რეიგანი აშშ-ის პრეზიდენტად საკუთარი 70 წლის იუბილის წინა დღეს აირჩიეს.

•    ნელსონ მანდელა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი 74 წლისა გახდა.

•    უინსტონ ჩერჩილი პირველად პრემიერ-მინისტრის პოსტზე 65 წლისა დანიშნეს, ხოლო მეორედ — 77 წლისა.

•    ოსკარ სვანი — 1908 და 1912 წლების ოლიმპიური ჩემპიონი, 72 წლისა იყო, როდესაც 1920 წელს ოლიმპიადაზე „გაქცეული ირმისთვის სროლაში“ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

•    ჯუზეპე ვერდიმ 74 წლისამ შექმნა ოპერა „ოტელო“, ხოლო 80 წლისამ — „ფალსტაფი“…

და ასე შემდეგ, ლამის დაუსრულებლად.

ყველა ახალი ამბავი
0