თბილისი, 16 მაისი — Sputnik. სანდრო ბაზაძე მადრიდში მოფარიკავეთა შორის მსოფლიო თასის ეტაპზე ვერცხლის პრიზიორი გახდა, ამის შესახებ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია იტყობინება.
ფინალში ბაზაძე ძალიან გამოცდილ 33 წლის ფრანგს- ვინსენტ ანსტეტს შეხვდა, რომელიც 2006 წელს გუნდურ შეჯიბრში მსოფლიო ჩემპიონი იყო და მისი გამოცდილება გადამწყვეტი გახდა ამ ორთაბრძოლაში. საბოლოოდ ანსტეტმა ეს ორთაბრძოლა 15:9 მოიგო.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ბაზაძეს ტურნირზე არც ერთი ორთაბრძოლა არ წაუგია (ფინალის გარდა) და ჯგუფურ ფინალში ექვსივე შეხვედრა მოიგო.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ბაზაძე პირველი მოფარიკავეა, რომელმაც მსოფლიო თასის ეტაპზე საპრიზო ადგილის მოპოვება შეძლო.
მადრიდში გამართულ ტურნირში სულ 175 უძლიერესი მოფარიკავე მონაწილეობდა მთელი მსოფლიოდან.
აპრილში, ჩეხეთში საკვალიფიკაციო შეჯიბრში, ბაზაძემ რიოს ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა. 23 წლის სპორტსმენისათვის ეს თამაშები პირველი იქნება კარიერაში.