თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოში 21 მაისს „ღამე მუზეუმში“ გაიმართება, იუწყება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
აქცია, რომელიც მუზეუმების საერთაშორისო დღეს ეძღვნება, სლოგანით „მოდი ღამე მუზეუმში“ გაიმართება. ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებს შორის მუზეუმების პოპულარიზებაა.
„ღამე მუზეუმში“ საქართველოს ყველა მუზეუმში 21:00-დან 01:00 საათამდე გაიმართება. შესვლა უფასოა.
აქციის ფარგლებში მსურველებს შეეძლებათ სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიების მონაწილენი გახდნენ. მათ შორისაა ექსკურსიები საათში ერთხელ, კლასიკური და ფოლკლორული მუსიკის კონცერტები, სამეცნიერო-შემეცნებითი თამაშები, სახალხო კითხვა, სპექტაკლები, დისკუსიები, კონფერენციები, ვიქტორინები და პოეტური საღამოები.
აქციაში მონაწილე მუზეუმების ჩამონათვალი:
თბილისის მუზეუმები
1. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი
2. შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი
3. თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმი
4. დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა
5. ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი — ქარვასლა
6. აბრეშუმი სახელმწიფო მუზეუმი
7. გ. ჩიტაიას სახ. ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ
8. გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი
მუზეუმები რეგიონებში
1. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი გორში
2. დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი ზუგდიდში
3. სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
4. ივ. ჯავახიშვილის სახ. სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი
5. სიღნაღის მუზეუმი
6. გრემის მუზეუმი
7. ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი მირზაანში
8. ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
9. ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი
10. სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი
გარდა ამისა, 18 მაისს საქართველოს ყველა მუზეუმში ღია კარის დღეა გამოცხადებული — შესვლა უფასოა. ქვეყნის მუზეუმში გაიმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, საგანმანათლებლო პროგრამები და აქციები.
„ღამე მუზეუმში“ პირველად ბერლინში 1997 წელს გაიმართა. ორი წლის შემდეგ აქცია საფრანგეთში სახელწოდებით „მუზეუმების გაზაფხული“ ჩატარდა. 2001 წელს ამ აქციაში უკვე ევროპისა და ამერიკის 39 ქვეყანა მონაწილეობდა, ხოლო 2005 წელს „მუზეუმების გაზაფხული“ „ღამე მუზეუმში“ გახდა.