თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოში 17 მაისს ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეს აღნიშნავენ. აღნიშნულ დღესასწაულტან დაკავშირებით, დედაქალაქში საპატრიარქოს ინიციატივით აწყურის ღვთისმშობლის ხატს შემოაბრძანებენ.
თბილისში ხატით მსვლელობა დაიწყება შუადღისას, 12:00 სთ-ზე, რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისაკენ, სადაც უწმინდესი და უნეტარესი ილია II გადაიხდის პარაკლისს და დალოცავს ერს.
„ეს მსვლელობა არის საქართველოს ეკლესიის ახალგაზრდული ცენტრის „დავითიანის“ მიერ ორგანიზებული და მას აქვს მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვითი დატვირთვა, — ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იმავე განცახდებაში აღნიშნულია, რომ სასურველია მრევლმა თან იქონიოს ღვთისმშობლის და წმ. ანდრია პირველწოდებულის ხატები (ან რომელიმე მათგანი), რადგან წმ. ანდრია პირველწოდებული იესო ქრისტეს კურთხევით გამოაგზავნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა საქართველოში და გამოატანა აწყურის ღვთისმშობლის სახელწოდებით ცნობილი თავისი ხატი, რომელიც ფიცარზე ღვთისმშობლის სახის მიდებით გამოისახა.
„იგი არის მაცხოვრის მიერ ჩვენს შემწედ და მცველად მოვლენილი პირველი უდიდესი სიწმინდე და მისდამი განსაკუთრებული პატივისცემა უნდა აღდგეს ჩვენს ერში“, — ნათქვამია განცხადებაში.