თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს წარმომადგენელმა ნიკა კოჩაროვმა & Young Georgian Lolitaz „ევროვიზია 2016-ის“ კონკურსზე მე-20 ადგილი დაიკავა.
ევროპული კონკურსის გამარჯვებული უკრაინელი ჯამილა გახდა. მეორე ადგილი ავსტრალიელმა, ხოლო მესამე რუსმა მომღერლებმა დაიკავეს. მეოთხე და მეხუთე ადგილებზე ბულგარეთი და შვედეთი გავიდნენ.
საქართველოს უმაღლესი — 12 ქულა დიდმა ბრიტანეთმა მისცა. საქართველომ კი თავისი ყველაზე მაღალი ქულა — უკრაინას მისცა. საქართველოს ეროვნული ჟიურის გადაწყვეტილება ევროპას მომღერალმა ნინა სუბლატმა აცნობა, რომელმაც საქართველო „ევროვიზია 2015-ზე წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის დაწყებამდე, ბუკმეკერები ქართველ მომღერლებს ფინალში გასვლასაც არ უწინასწარმეტყველებდნენ. მაგრამ ეს მოხდა. ამასთან ფინალში საქართველომ გაასწრო ისეთ ქვეყნებს როგორიცაა გერმანია, ესპანეთი, კვიპროსი, ხორვატია, ჩეხეთი და დიდი ბრიტანეთი.
ნიკა კოჩაროვმა & Young Georgian Lolitaz „ევროვიზიაზე“ სიმღერით Midnight Gold წარდგნენ. ქართველი შემსრულებლებისათვის ბექ ვოკალს ასრულებდა ცნობილი შვედი ვოკალისტი ლარს სეფსუნდი.
ქართველო კონკურსანტების ნომრის სცენური გაფორმება შვედმა სცენოგრაფმა საშა ჟან-ბატისტმა განახორციელა.
ჯგუფი Young Georgian Lolitaz საქართველოში 2000 წელს დაარსდა. კოლექტივი ოთხი მონაწილისაგან შედგება: ნიკა კოჩაროვი, ლევან შანშიაშვილი, გიორგი მარი და დიმა ოგანესიანი. მუსიკოსებს არა ერთხელ მიუღიათ მონაწილეობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა როკ-ფესტივალებში.
„ევროვიზიის“ ისტორიაში ყველაზე საუკეთესო შედეგი საქართველოსთვის მე-9 ადგილი იყო. ეს ადგილი ქვეყანამ ორჯერ დაიკავა — სოფო ნიჟარაძემ სიმღერით "Shine" 2010 წელს და Eldrine-მ 2011 წელს სიმღერით "One More Day".
ყველაზე ცუდი შედეგი იყო 2014 წელს, როცა მომღერალმა მარიკომ და ჯგუფმა "The Shin" „ევროვიზიაზე ბოლო ადგილი დაიკავეს.