თბილისი, 14 მაისი — Sputnik. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ხაზი გაუსვა „ახალი ღვინის ფესტივალის“ მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას ოჯახური მარნებისა და ზოგადად მეღვინეობის სტიმულირება–განვითარების საქმეში.
მინისტრმა პირადად გახსნა „ახალი ღვინის ფესტივალი 2016“ მთაწმინდის პარკში.
ოთარ დანელიამ სტუმრებს განუცხადა, რომ სურვილი აქვს ქვეყანაში ტრადიციად იქცეს დღესასწაულებსა და წვეულებებზე ბოთლი ღვინის ჩუქება, რითაც თითოეული შეძლებს წვლილი შეიტანოს ქვეყანაში მეღვინეობის განვითარებაში.
დღესასწაული ტრადიციულად ქვევრის საზეიმო მოხდით დაიწყო, — ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე.
ფესტივალის ფარგლებში, რომელსაც 80-მდე ღვინის კომპანია, ასევე მცირე ოჯახური და საშუალო მარნები, ადგილობრივი და უცხოელი სტუმრები — პროფესიონალი ენოლოგები, სომელიეები, ღვინის ჟურნალისტები, ვაინბლოგერები და მწერლები ესწრებოდნენ, ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ქვევრის ღვინოები საფრანგეთიდან, იტალიიდან, სლოვენიიდან, გერმანიიდან და ავსტრიიდან.
ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნირო-კვლევითი ცენტრი, რომელმაც სტუმრებს ჯიღაურას ექსპერიმენტალურ ბაზაზე ვაზის იშვიათი ჯიშებისგან წარმოებული ღვინოები წარუდგინა.
განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ჯიშებმა: “სირგულა”, „კახური მცვივანი“, „მესხური მწვანე“, „თეთრი კაპისტონი“, „ღრუბელა“, „სიმონასეული“ „შავი ჩინური“, „კურძა“ და „ჩექობალი“.
ფესტივალი, რომელიც წელს უკვე მეშვიდედ ტარდება, მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, მისი ცნობადობის გაზრდას შიდა და საერთაშორისო ბაზარზე, ასევე ღვინის ტურიზმის განვითარებას საქართველოში.
„ახალი ღვინის ფესტივალის“ მხარდამჭერები არიან სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო და ქალაქ თბილისის მერია.