თბილისი, 14 მაისი — Sputnik. პარლამენტმა სამი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის უფლებას კარგავენ.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში“ ცვლილებებს მხარი დაუჭირა 81–მა დეპუტატმა. ოპოზიციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ერთ–ერთი ყველაზე სკანდალური კანონპროექტის ავტორი პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი გახლავთ.
ახლა ცვლილებებს ხელი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უნდა მოაწეროს.
ცვლილებების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მის ორ მოადგილეს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამრთლოს წევრები აირჩევენ. რაც შეეხებათ თავად მოსამართლეებს, მათ პარლამენტი აირჩევს უბრალო უმრავლესობით.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პლენუმმა მოქმედი თავმჯდომარისთვის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს ერთი თვისა უნდა აირჩიოს. გიორგი პაპუაშვილს ვადა 21 სექტემბერს ეწურება.
ახალ თავმჯდომარეს ხუთი წლით აირჩევენ, რომელსაც განმეორებით ამ თანამდებობის დაკავება აღარ შეეძლება. რაც შეეხებათ მოსამართლეებს, მათ 10 წლით აირჩევენ და ეს ვადა აღარ გაუგრძელდებათ.
ცვლილებების თანახმად ასევე იცვლება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ძალაში შესვლის ვადაც. თუ ის აქამდე სასამართლოს დარბაზში გამოცხადებისთანავე შედიოდა ძალაში, ახლა მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდება, რაც გადაწყვეტილების სრული ტექსტი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება. გამოქვეყნების ვადას კი თავად სასამართლო დაადგენს.