თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამორიცხავს საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის რამენაირ კავშირს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის შანტაჟთან.
მანამდე პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს გამოაქვეყნოს მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თვლის, რომ ამაში პირადად იუსტიციის მინისტრია დაინტერესებული.
„მე გამოვრიცხვავ, რომ თეა წულუკიანი, როგორც მინისტრი და როგორც პიროვნება შესაძლოა ჩართული იყოს რაიმე პროცესში, რომელიც შესაძლოა დაკვალიფიცირდეს, როგორც შანტაჟი. მე უბრალოდ გამოვრიცხავ ამას“, — უთხრა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს.
„ამგვარ განცხადებებს რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს. იმიტომ, რომ ჯერ ერთი, თემაა უკიდურესად დასაგმობი და არა იმ შემთხვევაში მხოლოდ, როდესაც ის რომელიმე თანამდებობის პირს შეეხება. ზოგადად, თემაა ძირში ამოსაძირკვი და თუ სადმე ვინმე მსგავს ამბავს გამოამზეურებს ეს უნდა იქნას ძალიან სწრაფად შესწავლილი, სხვათა შორის, იმის მიუხედავად, ვინ სჩადის ამას“, — თქვა უსუფაშვილმა.