მურმან დუმბაძე: ივანიშვილმა ჩერნოვეცკის „პოლიტიკური ფრთები“ შეუკვეცა

© FB/Murman Dumbadzeმურმან დუმბაძე
მურმან დუმბაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“, რომელიც უკრაინის ექს–მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ჩამოაყალიბა, პოლიტიკურ აქტიურობას წყვეტს.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოში მცხოვრები უკრაინის ყოფილი მერი, მილიარდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელმაც 2015 წელს ქართულ პოლიტიკაში ჩართვის შესახებ განაცხადა და პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ჩამოაყალიბა, პოლიტიკურ აქტიურობას წყვეტს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

პარტიამ შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა აუდიტის სამსახურს.

გადაწყვეტილების მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ჩერნოვეცკის თანაგუნდელ გიორგი ქვრივიშვილის განცხადებით, დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

თემასთან დაკავშირებით, უკვე გაკეთდა პირველი კომენტარები.

ლეონიდ ჩერნოვეცკი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერი ჩერნოვეცკის პარტიას უერთდება

პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა მურმან დუმბაძემ ჩერნოვეცკის პოლიტიკიდან წასვლაში ბიძინა ივანიშვილის ხელი დაინახა.

„[ბიძინა ივანიშვილმა] ჩემთან ურთიერთობა მას აუკრძალა — ეს დადასტურებით შემიძლია გითხრათ, და ამის შემდეგ მისი პოლიტიკური ფრთები შეიკვეცა. როგორც ჩანს, იფიქრა ძალიან ბევრი ამის შესახებ და მიიღო ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც მიიღო“, — განაცხადა დუმბაძემ „იმედის“ ეთერში.

შეგახსენებთ: პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ლეონიდ ჩერნოვეცკის პოლიტიკური გუნდის წევრი გახლდათ. პარლამენტარის თქმით, შემოთავაზება თავად ლეონიდ ჩერნოვეცკისგან მიიღო.

საკანონმდებლო ორგანოს სხვა წევრს, უმრავლესობის ლიდერ ზვიად კვაჭანტირაძეს ეეჭვება, რომ ჩერნოვეცკის პოლიტიკური აქტიურობის შეწყვეტაში ივანიშვილმა რაიმე როლი ითამაშა. მისი აზრით, „ბედნიერი საქართველოს“ ლიდერი უბრალოდ მიხვდა, რომ ქართულ პოლიტიკაში არაფერი გამოუვიდოდა.

„არა მგონია, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინტერესების სფეროს საერთოდ წარმოადგენდა ლეონიდ ჩერნოვეცკის ყოფნა–არყოფნა პოლიტიკაში. უბრალოდ ვიფიქრე, როგორი შესანიშნავი „ფეისბუქის ფეიჯი“ იზარალა მრავალათასიანი „ლაიქებით“ (ნაყიდებით). როგორც ჩანს გადათვალა და მიხვდა, რომ მაინც არაფერი გამოუვიდოდა. „ფეისბუქის“ გვერდი დამენანა“, — აღნიშნა კვაჭანტირაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0