თბილისი, 14 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ დღეს ყრილობას მართავს, რომელზეც პარტიამ ახალი თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა უნდა აირჩიოს.
წინასწარ ცნობილია, რომ პარტიის თავმჯდომარის პოზიციას ქვეყნის პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს.
„ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობაზე მიწვეულია ორი ექს–პრემიერი – ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. თუმცა, როდის ჩაერთვება წინასაარჩევნო კამპანიაში პარტიის დამფუძნებელი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ასევე უცნობია პარტიის საარჩევნო სიის შემადგენლობაც.
„განახლდება მნიშვნელოვნად ჩვენი პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა. არიან ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან გარკვეული ცნობადობით, ასევე არიან ადამიანები, რომლებიც აქამდე არ იყვნენ ჩართული აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა ისინი გამოირჩევიან თავიანთი რეპუტაციით, კვალიფიკაციით, გამოცდილებით შესაბამის წრეებში“, — განაცხადა „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივნმა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საარჩევნო სიასთან დაკავშირებით პარტიას აქვს პრინციპული პოზიცია, რომ ჯერჯერობით არც ერთი სახელი — არც პოზიტიური და არც ნეგატიური ფორმით არ კონკრეტდება.