თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ევროკავშირი საქართველოს მიმართულებით აუცილებლად გაფართოვდება, განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა მალიში ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მონაწილე ქართული არმიის ოფიცერთან, პოლკოვნიკ მალხაზ მერლანთან შეხვედრისას.
მალიში საფრანგეთის პრემიერის ვიზიტის და ქართველ ოფიცერთან შეხვედრის შესახებ ვიდეოხიდიდან გახდა ცნობილი, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჩატარდა სს მინისტრ მიხეილ ჯანელიძისა და თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის ერთის მხრივ და მეორეს მხრივ თვითონ პოლკოვნიკ მერლანს შორის.
„დიდ მადლობას გიხდით ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში მონაწილეობისათვის. ევროკავშირი საქართველოს მიმართულებით აუცილებლად გაფართოვდება“,- ციტირებს საფრანგეთის პრემიერის სიტყვებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
თავის მხრივ, ხიდაშელმა და ჯანელიძემ განაცხადეს, რომ საქართველო სამშვიდობო მისიებში თავისი მონაწილეობით ევროპის ჯარებთან საკუთარი შეიარაღებული ძალების თავსებადობას ზრდის.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის ორ მისიაში მონაწილეობს. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამშვიდობო მისიაში (EUMAM RCA) საქართველოს ხუთი სამხედრო მოსამსახურეა წარმოდგენილი, რომლებიც სწრაფი რეაგირების ჯგუფში შედიან.
რაც შეეხება მალის, მალიში საწვრთნელ მისიაში (EUTM Mali) ერთი ქართველი ოფიცერი მონაწილეობს-მალხაზ მერლანი, რომელიც მეკავშირე ოფიცრის პოსტს იკავებს.
საქართველოსა და გაერთიანებულ ევროპას შორის ურთიერთობები 1992 წელს დაიწყო. ოთხი წლის შემდეგ მხარეებმა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება (PCA) გააფორმეს.
უფრო ინტენსიური ხასიათი ურთიერთობებმა 2004 წელს მიიღო, როდესაც საქართველო მეზობლობის ევროპული პოლიტიკის პროგრამაში(ENP) ჩართეს.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და ევროკავშირის პოლიტიკური ასოციაცია და ეკონომიკური ინტეგრაცია 2008 წელს დაიწყო, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის შექმნის მერე. ის ევროკავშირის დაახლოებას ითვალისწინებს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელორუსიასთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან. უკანასკნელმა სამმა ქვეყანამ 2014 წელს ევროკავშირთან ასოციაციის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.