თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო მრჩეველთა მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ხუთკაციანი შემადგენლობა როტაციით მიემგზავრება, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური. ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში 2014 წლის ივლისიდან იღებენ მონაწილეობას.
„ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები აგრძელებენ მისიაში ყოფნას. ამჟამად, საქართველო ხუთი ოფიცრითაა წარმოდგენილი. აპრილის შუა რიცხვებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მორიგი როტაცია იქნება. ამ ბიჭების გამგზავრების შემდეგ მოხდება, სწორედ, საგამოძიებო ჯგუფის გამგზავრებაც. იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანად დაუბრუნდებიან საკუთარ სამშობლოს. ისინი სულ რამდენიმე თვით მიდიან. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აღარ არის რთული მისია. რისკები მინიმალურია. ვფიქრობ, მისია წარმატებული იქნება,“ — განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედროებთან შეხვედრის შემდეგ.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართული სამხედრო კონტინგენტი ხუთკაციანი შემადგენლობით რამდენიმე დღეში გაემგზავრება. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ევროკავშირის მრჩეველთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სწრაფი რეაგირება იქნება. ისინი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ივლისის ჩათვლით, მისიის დასრულების ბოლომდე დარჩებიან.
ქართველი ჯარისკაცების გადასროლასთან დაკავშირებულ ყველა ლოგისტიკურ ხარჯს ფრანგული მხარე და ევროკავშირი ფარავს. ქართველი სამხედროების პირველი ჯგუფი ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მრჩეველთა მისიაში ჩასართავად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სექტემბრის ბოლოს გაემგზავრა.