თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან ქართველ სამხედროებს, რომლებიც ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მსახურობენ, ახალი წელი მიულოცა, იუწყება პარასკევს, 1 იანვარს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
„ყველას გილოცავთ ახალ წელს და ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, დაცულობა, სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მინდა გისურვოთ. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ დიდი მადლობა თქვენი სამსახურისთვის! აქ ჩართულია ყველა ქართული ქვედანაყოფი, მათაც ვულოცავ ახალ წელს!“, — განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტთან ერთად ქართველ ჯარსკაცებს ახალი წელი მიულოცეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, ქვეყნის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ რომან ჯოხაძემ.
ქართველი სამხედროები ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის ივლისის შუა რიცხვებიდან მსახურობენ, ხოლო ავღანეთში ნატოს არასაომარ მისიაში „მტკიცე მხარდაჭერა“ – 2015 წლის იანვრიდან.