თბილისი, 13 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და საუდის არაბეთის ელჩმა მესაად იბრაჰიმ ალ-სულაიმმა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
საქართველოში საუდის არაბეთის ელჩის რეზიდენცია ბაქოშია, ამჟამად ის თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
„დოკუმენტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობის განვითარებას მრავალი მიმართულებით, მათ შორის ისეთი სფეროებში, როგორიც არის ვაჭრობა და ინვესტიცია, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სხვა. შეთანხმება ასევე იძლევა საშუალებას, ჩამოყალიბდეს ერთობლივი კომიტეტი, რომელიც თითოეული ამ მიმართულების განხორციელებისთვის მომდევნო ნაბიჯს განსაზღვრავს“, — განაცხადა ჯანელიძემ.
პოლიტიკოსებმა ასევე საქართველოში საუდის არაბეთის საელჩოს გახსნის შესაძლებლობა განიხილეს.
საქართველომ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დაამყარეს. მხარეები სხვადასხვა მიმართულების შესახებ პოლიტიკურ კონსულტაციებს რეგულარულად მართავენ.