თბილისი, 13 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი ვასილ ბექაური დააკავეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, ვასილ ბექაურმა ერთ-ერთი სამეწარმეო სუბიექტის მფლობელს ნაძალადევის რაიონში მდებარე დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების სახურავების შესაცვლელად ჩასატარებელი სამუშაოების გადაცემისა და დაფინანსების სანაცვლოდ ქრთამის სახით 1800 ლარის გადახდა მოსთხოვა.
მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა ერთი თვის შემდეგ, ანალოგიური მომსახურებისთვის კვლავ მოითხოვა 2000 ლარი. ის სწორედ ამ დროს დააკავეს.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით „ქრთამის აღება, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.