თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. 60 ათასი ლარის ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული არიან სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი მათეშვილი, ამავე საკრებულოს წევრი იოსებ ბეგიაშვილი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ბესიკ ბალარჯიშვილი, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პრეს-სამსახური.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 1 ლარად შესყიდვაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 100 000 ლარი, ხოლო წინასწარ გამოართვეს 60 000 ლარი.
დაკავებულთა პირადი ჩხრეკისას საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია ქრთამის სახით აღებული თანხა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილი „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 დან 15 წლამდე ვადით.