თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ქვეყნის მიერ არჩეულ საგარეო პოლიტიკურ კურსს პარტიაში „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ მოწინააღმდეგე არ ეყოლება, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
ასეთი კომენტარი პრემიერმა დეპუტატ თამაზ მეჭიაურის მორიგ მკვეთრ განცხადებაზე გააკეთა, რომლის თქმითაც, პროდასავლურობა მისთვის ატლანტის ოკეანესთან მთავრდება.
„შემიძლია ვთქვა, რომ თუ „ქართული ოცნების“ ახალ ლიდერად ამირჩევენ, გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომელთაც რაღაც ეჭვები ექნებათ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან დაკავშირებით“, — განაცხადა კვირიკაშვილმა „იმედის“ ეთერში.
მეჭიაურმა, თავის მხრივ, პრემიერის კომენტარი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრების განცხადებებს მიამსგავსა, რომლებიც საქართველოს პროდასავლური კურსის მხარდამჭერები არიან.
თამაზ მეჭიაურსა და „რესპუბლიკურ პარტიას“ შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც მეჭიაურმა 11 მაისს დაწყებული ქართულ–ამერიკული წვრთნები გააკრიტიკა.
მოგვიანებით დეპუტატმა საქართველოს ნატოსადმი სწრაფვაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ქვეყანამ რუსეთთან ურთიერთობები უნდა დაალაგოს.
„რესპუბლიკელებმა“ პრემიერ კვირიკაშვილს მეჭიაურის პარტიიდან გარიცხვა მოსთხოვეს, ხოლო ამ უკანასკნელმა თავად „რესპუბლიკელების“ სამი მინისტრის — თინა ხიდაშელის, გიგლა აგულაშვილისა და პაატა ზაქარეიშვილის თანამდებობებიდან მოხსნა მოითხოვა.