თბილისი, 12 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს, ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს ექს-პრემიერს მილიარდელ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც თავის დროზე პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ კოალიცია დააფუძნა, არაერთხელ დასდეს ბრალი კულუარულ მმართველოაში.
„საქართველოს მთავრობა თავის გადაწყვეტილებებს დამოუკიდებელ რეჟიმში იღებს. ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია, მე არასდროს არ ვმალავდი, რომ მას არა მარტო პოლიტიკურ გაერთიანებაში, არამედ ზოგადად საქართველოში ძალიან მაღალი ავტორიტეტი აქვს“,-ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლიდან ერთი წლის შემდეგ, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები კოალიციის კანდიდატმა მოიგო, ივანიშვილმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.
პოლიტიკიდან თავისი წასვლა ივანიშვილმა იმით ახსნა, რომ მისი ძირითადი ამოცანა შესრულებულია.