თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ექსპერტმა ყველას შეახსენა, რომ ევროკავშირის თურქეთთან უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება სპონტანური არ ყოფილა – მხარეები ვიზების გაუქმებაზე მოლაპარაკებებს დიდხანს აწარმოებდნენ.
„ევროპას თურქეთის ყოველთვის ეშინოდა. დღეისთვის ეს დათმობაა — კონსენსუსი იმის სანაცვლოდ, რომ ანკარა ვალდებულებას აიღებს, მიგრანტთა ნაკადისთვის რამენაირად ბარიერები შექმნას. უვიზო რეჟიმი ასევე სიგნალია, რომ თურქეთს ოდესმე, არც დღეს და არც ხვალ, მაგრამ პერსპექტივაში, ევროკავშირში მიიღებენ. მიმაჩნია, რომ ევროპისთვის ეს ძალზე საშიში მომენტია. მიგრანტების კვალდაკვალ იქ შესვლა სამშობლოზე რაიმეთი განაწყენებულ თურქეთის მოქალაქეებსაც შეუძლიათ“, — განაცხადა მალაშენკომ.
„ევროპაში თურქები ისედაც ბევრნი არიან, განსაკუთრებით, გერმანიაში. რითი დამთავრდება ყველაფერი, ამის თქმა რთულია. ევროპელები ერთმნიშვნელოვნად ძალიან რისკავენ, მაგრამ ისინი ჩაერთვნენ ამ ავანტიურაში და თავადვე მოუწევთ აქედან თავის დაღწევა“, — მიიჩნევს ექსპერტი.
„უაზრობაა იმის იმედად ყოფნა, რომ ერდოღანი ევროპას მიგრანტთა ნაკადისგან იხსნის. – აღნიშნა ალექსეი მალაშენკომ. — ამ პრობლემის სრულად გადაწყვეტა არავის ძალუძს, ამ ნაკადის შეჩერება შეუძლებელია. საკითხი ისაა, შეძლებს თუ არა ერდოღანი მიგრანტების შეკავებას, ამ ნაკადების გაფილტვრას“.
ოთხშაბათს ანონიმურმა წყარომ ევროკავშირის საბჭოში განაცხადა, რომ ექსპერტები ევროკავშირსა და თურქეთს შორის უვიზო მიმოსვლის საკანონმდებლო გაფორმებაზე მუშაობას შეუდგნენ. მანამდე ევროპარლამენტის თავმჯდომარის მარტინ შულცის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკანონმდებლო პროცესი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც ანკარა ევროკავშირის უკლებლივ ყველა მოთხოვნას შეასრულებს.
ვიზების გაუქმება ლტოლვილების შესახებ შეთანხმების ნაწილია, რომელიც ანკარასა და ბრიუსელს შორის მარტის თვეში დაიდო. სულ თურქეთმა ევროკავშირის 72 მოთხოვნა უნდა შეასრულოს.