თბილისი, 12 მაისი — Sputnik. მადრიდის სანტა-ბარბარას სასახლის დარბაზები ერთი კვირით ქართველი მეფეების, მეომრებისა და ბრძოლების ამსახველმა ნახატებმა დაამშვენა.
გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვარ გიორგი გეგეჭკორის მიერ შესრულებული საქართველოს მეფეების — დავით აღმაშენებლისა და ლაშა-გიორგის პორტრეტები, ქართველი მეომრების საბრძოლო აღჭურვილობები რუსი მხატვრის გრიგოლ გაგარინის შესრულებით და ქართველი ოსტატების მიერ ქსოვილზე ამოქარგული ცნობილი საომარი სცენები.
„საქართველოს მეფეების მედიდური გამოხედვითა და ბრწყინვალე ჩაცმულობით არ შეიძლება არ მოიხიბლო“, — აღნიშნა გამოფენის გახსნაზე მყოფმა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხორხე ფერნანდო დიაზმა. მან საქართველოს წარმომადგენლებს ქართული კულტურის ესპანეთში პოპულარიზაციისთვის მადლობა გადაუხადა.
გამოფენის სტუმრებს ასევე საშუალება აქვთ ნახონ თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრები, რომლებიც 1918-1921 წლების პერიოდის ქართველ გენერლებს ეძღვნება, განაცხადეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში.
გარდა ამისა, ქართულ ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ბარსელონელი მხატვრის ავგუსტო ფერერა-დალმაუს ნახატები, რომლებიც საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცნობილ ბრძოლებს ეძღვნება.
გამოფენა კულტურის მინისტრის მოადგილის მანანა ბერიკაშვილისა და მინისტრის მრჩევლის, მხატვარ გიორგი გეგეჭკორის ესპანეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიხსნა. ღონისძიების ორგანიზატორია ჟურნალ OK-ს ქართული ვერსიის რედაქტორი ნინო იოსელიანი.