თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ინფექციის შესაძლო გავრცელების თვალსაზრისით ჩატარებულმა შემოწმებამ, რომელიც საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში თებერვალში დაიწყო, დედაქალაქის ათ მრავალპროფილურ კლინიკაში პრობლემები გამოავლინა, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
კლინიკების ხელმძღვანელებს პრობლემების აღმოსაფხვრელად დრო მისცეს.
„შევიმუშავეთ სპეციალური შესაფასებელი კითხვარი, რომლის მიხედვით შევისწავლეთ ჯერჯერობით ათი მთავარი სამედიცინო დაწესებულების მდგომარეობა ინფექციებზე კონტროლის მხრივ. გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ხარვეზები“, — განაცხადა სერგეენკომ.
უახლოეს მომავალში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიხსნება საკონსულტაციო ცენტრი, სადაც სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია იმ ნორმების შესახებ, რომელთა დაცვაც სამედიცინო დაწესებულებებში აუცილებელია.
შემოწმების საბოლოო შედეგები ცნობილი სექტემბერში გახდება, რის შემდეგაც ყველა მოქალაქე შეძლებს ინფორმაციის მიღებას სამედიცინო დაწესებულებების შესახებ, თუ რამდენად შეესაბამებიან ისინი დადგენილ ნორმებს. ამჟამად სამინისტრო ახალ პორტალზე მუშაობს.