თბილისი, 11 მაისი — Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე პაატა იმნაძე, ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბავშვების ლეიშმანიოზით დაავადების საფრთხის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
ლეიშმანიოზის გამომწვევი პარაზიტები ინფიცირებული მოსკიტების კბენისას გადადის. მოსკიტების კბენის სეზონი ივნისის მეორე ნახევარში იწყება და დაავადება, ასეთი არსებობის შემთხვევაში, შემოდგომის ბოლოს ვლინდება.
იმნაძემ მოსახლეობას რეკომენდაცია გაუწია, რომ გამოიყენონ მწერებისგან დამცავი საშუალებები და დაიცვან ჰიგიენის ზოგადი წესები.
„ლეიშმანიოზის გამომწვევი მწერი შებინდებისას აქტიურდება, აქედან გამომდინარე, კარგი იქნება თუ 1 წლამდე ბავშვებს დაუცველი კანით შებინდების მერე სასეირნოდ აღარ გამოიყვანენ. ლეიშმანიოზი კოღოზე პატარა მწერია, ფლებოტომუსი ქვია და ქინქლაზე ოდნავ დიდია. საფრთხეს ის ძირითადად ბავშვებისთვის წარმოადგენს. მოზარდებშიც საშიშია, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მათ რაიმე იმუნური სისტემის დარღვევა აქვთ“, — განაცხადა იმნაძემ პრესკონფერენციაზე.
ლეიშმანიოზის ძირითადი რეზერვუარი ძაღლია. ამიტომაც თუ ძაღლი გყავთ ვეტერინარს შეამოწმებინეთ, აღნიშნა იმნაძემ.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში გამოჩნდნენ მწერები, რომლებსაც გადააქვს დეენგე და ყვითელი ცხელება ჩიკუნგუნია და ზიკაც, მაგრამ დაავადების შემტხვევები ჯერ არ ყოფილა.
ეს გადამტანი ჩვენ დასავლეთ საქართველოში დავიჭირეთ. ძალიან მალე დასალეთ საქართველოში ფართომაშტაბიანი სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყება“, — განაცხადა იმნაძემ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში მაის-ივნისსა და აგვისტო-სექტემბერში სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებენ.
საკურორტო ზონაში დაამუშავებენ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ შენობებს, ასევე წყალსაცავების ზედაპირებს და სხვა ღია სივრცეებს.
დამუშავების მეთოდი მაქსიმალურად უსაფრთხოა ადამიანისთვის და მწერების გასაქრობად — ეფექტურია, აღნიშნეს ჯანდაცვის სამინისტროში.