თბილისი, 11 მაისი — Sputnik. ავსტრიაში შოუს „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მეათე სეზონის პრიზიორი ქართველი მსახიობი და მომღერალი გიორგი მაქაცარია გახდა. გამარჯვებისთვის მის წონას — 134 კილოგრამს ხელი არ შეუშლია.
შოუ 4 მარტიდან 7 მაისის ჩათვლით ავსტრიულ ტელეარხ ORF1-ზე მიმდინარეობდა.
მიუხედავად საკმაოდ დიდი წონისა, მსახიობი ტურიდან ტურში ადვილად გადადიოდა და ფინალამდე მივიდა, სადაც მესამე საპატიო ადგილი დაიკავა.
42 წლის გიორგი მაქაცარია ოთხი შვილის მამაა. თითქმის 30 წელია ის ვენაში ცხოვრობს. იყო ავსტრიული ანსამბლის Stahlhammer სოლისტი, ასევე მღეროდა პოპ-პროექტში Ohrraush.
2005 წელს გიორგი მაქაცარიამ ვენაში ფოლკ-მეტალ ჯგუფი Russkaya დააარსა. ის ამ ჯგუფის ვოკალისტია დღემდე. ანსამბლი ასრულებს მუსიკას პოლკის, სკას სტილში და რუსულ ხალხურ სიმღერებს.
მაქაცარია მღერის რუსულ, გერმანულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე.