თბილისი, 11 მაისი — Sputnik. ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის რუსეთს კვლავ ლიდერის პოზიცია უკავია — წლის პირველ ოთხ თვეში საქართველომ ამ ქვეყანაში 5,9 მილიონ ბოთლზე მეტი გაგზავნა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 84%-ით მეტია, აღნიშნულია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
2016 წლის დასაწყისიდან სულ საქართველოდან ექსპორტირებულია დაახლოებით 11,6 მლნ ბოთლი (0,75 ლ), რაც 2015 წლის მონაცემებზე 45%-ით მეტია.
მიმდინარე წლის იანვარი-აპრილის პერიოდში საქართველომ ღვინო მსოფლიოს 30 ქვეყანაში გაგზავნა.
იმპორტირებული ქართული ღვინის რაოდენობით მეორე ადგილზეა უკრაინა (დაახლოებით 1,5 მლნ ბოთლი). ექსპორტის ზრდამ ამ ქვეყანაში 70% შეადგინა.
მესამე ადგილი დაიკავა ყაზახეთმა, სადაც საქართველომ დაახლოებით 1,3 მლნ ბოთლი ღვინო გაგზავნა. ეს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 16%-ით ნაკლებია.
ქართული ღვინის ძირითად იმპორტიორთა ხუთეულში ასევე შევიდნენ ჩინეთი (779,4 ათასზე მეტი ბოთლი) და პოლონეთი (682,5 ათასზე მეტი ბოთლი). ჩინეთში ექსპორტის ზრდამ 58% შეადგინა, ხოლო პოლონეთში — 31%.