„პანამის დოკუმენტებში“ 85 ქართველი ფიგურირებს

© Flickr / James Morrisპაპკა დოკუმენტებით
პაპკა დოკუმენტებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
„პანამის დოკუმენტების“ თანახმად, ბიზნესს „ოფშორულ ზონაში“ მსხვილი ქართველი მეწარმეები, ყოფილი პოლიტიკოსები და იურისტები ფლობენ.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. სკანდალურ „პანამის დოკუმენტებში“, სადაც ზოგიერთი მსოფლიო ლიდერისა და მათი ახლობლების ოფშორულ სქემებთან კავშირების შესახებ მონაცემებია მოყვანილი, 85 ქართველია მოხსენიებული, ნათქვამია კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მოხსენებაში.

პანამის იურიდიული ფირმის Mossack Fonseca-ს დოკუმენტები გერმანულმა გაზეთმა Sueddeutsche Zeitung 3 აპრილს გამოაქვეყნა. კომპანია Mossack Fonseca-ამ ამ დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებაზე უარი განაცხადა და ჟურნალისტების ქმედებებს დანაშაული უწოდა.

დოკუმენტების მიხედვით, ბიზნესს „ოფშორულ ზონაში“ მსხვილი ქართველი მეწარმეები, ყოფილი პოლიტიკოსები და იურისტები ფლობენ. მათ შორის არიან საქართველოს ექს-პრემიერი მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი, თავდაცვის ექს-მინისტრი დავით კეზერაშვილი, საქართველოს ყოფილი პროკურორი, ადვოკატი არჩილ კბილაშვილი და სხვები. 

აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
ოფშორი - რას ნიშნავს ეს და რა არის მსოფლიო სკანდალის მიზეზი

„ძალიან ბევრი ადამიანი ოფშორულ ზონებს მხოლოდ იმისთვის იყენებენ, რომ ნაკლები გადასახადი იხადონ. საქართველო ბიუჯეტისათვის განკუთვნილ თითოეულ ლარს უნდა გაუფრთხილდეს. ამიტომ, ბუნებრივია, მოთხოვნა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ფული აქ, ამ ქვეყანაში დარჩეს“,- ციტირებს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრის რეგიონალური რედაქტორის დეივ ბლოსის სიტყვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი ხუხაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ბიზნესი ოფშორულ ზონაში დანაშაულს არ წარმოადგენს. ამავე დროს მან შესაძლო რისკებზეც ისაუბრა.

„პრაქტიკულად ყველა მსხვილი ბიზნესმენი კანონის ფარგლებში ზოგიერთი ოპერაციის ოპტიმიზაციისათვის და საგადასახადო ოპტიმიზაციისათვის ოფშორულ კომპანიებს იყენებს…არის რისკი, რომ ასეთი კომპანიები გამოყენებული იქნება კრიმინალური მიზნებისათვის, ან გადასახადების დამალვისთვის ან რაღაც კორუფციული სქემებისათვის“, — აღნიშნა ხუხაშვილმა Sputnik-თან ინტერვიუში.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სპეციალური ანალიტიკური ჯგუფი უნდა შექმნას, რომელიც ოფშორში ქართველების მიერ დარეგისტრირებული კომპანიების საქმიანობას შეისწავლის.

„ეს საქართველოში საკმაოდ ცნობილი პიროვნებების კომპანიებია. საჭიროა გადახედვა, მიუღია თუ არა ამ კომპანიებს მონაწილეობა სახელმწიფო ტენდერებში, გადაურიცხავთ თუ არა დიდი თანხები პარტიების ანგარიშებზე… ყველაფერს ამას ანალიზი სჭირდება და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში საქმე კომპეტენტურ ორგანოებს უნდა გადაეცეს“, — აღნიშნა ხუხაშვილმა.

რაც  შეეხება ივანიშვილის ოფშორულ ბიზნესს, ექსპერტი მიიჩნევს, რომ აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის.

„სწორედ რომ ივანიშვილის შემთხვევაში კითხვები ცოტა იქნება, რადგან ის საკმაოდ მსხვილი ბიზნეხმენია. პრინციპში, არა მგონია, რომ მსოფლიოში არსებობს მსხვილი ბიზნესი, რომელიც ოფშორს არ იყენებს“,-თქვა ხუხაშვილმა.

ამავე დროს ექსპერტს მიაჩნია, რომ „პანამური დოსიეს“ ნამდვილობაში ეჭვის შეტანა არ ღირს. 

კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრი(OCCRP) არაკომერციულ პროექტს წარმოადგენს, რომელიც  კვლევითი ჟურნალისტიკის არაკომერციული რეგიონალური ცენტრებისა და დამოუკიდებელ კომერციულ მასმედიის საშუალებათა მთელ რიგს აერთიანებს. პროექტის გეოგრაფია აღმოსავლეთ ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე ტერიტორიას მოიცავს.

ყველა ახალი ამბავი
0