თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მისაღებად ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა, განაცხადა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ჩეხეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე იან ჰამაჩეკმა.
ჩეხეთის დელეგაცია თბილისს 9 მაისს ესტუმრა. პირველი შეხვედრა ჰამაჩეკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან გამართა, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.
„ჩვენ დავპირდით საქართველოს უვიზო რეჟიმის დაწესებას ევროკავშირის ქვეყნებში და ცხადია, ვთხოვეთ საქართველოს, გარკვეული კრიტერიუმები შეესრულებინა. თქვენმა ქვეყანამ ყველა კრიტერიუმი შეასრულა და ახლა ჩვენი ჯერია, შევასრულოთ დაპირება”, — განაცხადა ჰამაჩეკმა.
თუ ევროპარლამენტარები კანონპროექტს მოიწონებენ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ ყოფნას 180-იდან 90 დღემდე შეძლებენ. ქართული მხარე ვარაუდობს, რომ ეს უკვე ამ ზაფხულს მოხდება.
ჰამაჩეკმა პირობა დადო, რომ სამშობლოში დაბრუნებისთანავე არა მარტო ჩეხეთის ხელისუფლებას, არამედ სხვა ქვეყნების პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, საქართველოსთან ვიზების გაუქმების საკითხი რაც შეიძლება მალე გადაჭრან.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ერთმანეთის სტრატეგიულ ინტერესებს. ჩეხეთი არის ძალიან აქტიური მხარდამჭერი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის“, — აღნიშნა უსუფაშვილმა.
ჰამაჩეკმა ასევე გამართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან.
ჩეხეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 11 მაისამდე გაგრძელდება.
საქართველომ და ჩეხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის იანვარში დაამყარეს. ქვეყნებს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მხარეები თანამშრომლობას ძირითადად ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში ავითარებენ.
ჩეხეთიდან საქართველოში იმპორტმა 2016 წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 11 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტმა საქართველოდან ჩეხეთში — 3,5 მლნ აშშ დოლარი.