თბილისი, 10 მაისი — Sputnik. „რესპუბლიკელი“ მინისტრების გადადგომის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.
მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ვითარება კვლავ დაიძაბა. ამჯერად მიზეზი ქვეყნის დასავლური კურსის მიუღებლობის შესახებ პარტიიდან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადება გახდა. მის წინააღმდეგ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები გამოვიდნენ და მისი კოალიციის რიგებიდან გარიცხვა მოითხოვეს.
„ცხადია,მთავრობის შემადგენლობის საკითხები პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია, მაგრამ არ მგონია, რომ დღეს საქმე იმ შემთხვევასთან გვაქვს, როცა ვინმე გადადგომას აპირებს, ან ვინმე ვინმეს გადაყენებას აპირებს“, — განაცხადა უსუფაშვილმა, იუწყება პარლამენტის პრეს-სამსახური.
საქართველოს მთავრობაში „რესპუბლიკური პარტიიდან“ სამი მინისტრია. დანარჩენი მინისტრები „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს“ წარმოადგენენ. ამჟამად ისინი ერთ კოალიციაში არიან გაერთიანებული, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობას აპირებენ.