საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. 28-ე ტურის შედეგები

© GFFთბილისის "დინამო" - "გურია" 3:2
თბილისის დინამო - გურია 3:2 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ჩემპიონატის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება - დარჩენილია მხოლოდ ორი ტური. კითხვები კი მეტია, ვიდრე პასუხები. ახლა არ ვისაუბრებთ თბილისის „დინამოს“ ჩემპიონობაზე, რაც ცნობილი ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გახდა.

ნოდარ მაისურაძე

საუბარი კვლავ უეფას ევროპის ლიგის ზონაზე  და იმაზეა, თუ ვინ დატოვებს საქართველოს ეროვნული პირველობის უმაღლეს ლიგას. 28-ე ტურმა ამ საკითხს ნათელი ვერ მოფინა.

ბრძოლა ევროპისთვის საჩხერეში

საანგარიშო ტურის ცენტრალური მატჩი საჩხერეში გაიმართა, სადაც სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილზე განთავსებული ადგილობრივი „ჩიხურა“ ბოლნისის „სიონს“ მასპინძლობდა. სტუმრები, ოთხი ქულის ჩამორჩენით, მეხუთე ადგილზე არიან.

გამარჯვების შემთხვევაში „ჩიხურა“ ბოლნისის კლუბისთვის „მიუწვდომელი“ იქნებოდა და ევროსეზონისთვის მზადების დაწყება შეეძლო. თავისი განზრახვის სერიოზულობის დასამტკიცებლად მასპინძლებმა მაშინვე ინიციატივა აიღეს ხელში და მეტოქეს თავისუფალი სივრცის ერთი მტკაველიც არ დაუტოვეს. ამ ტაქტიკამ ნაყოფი 39-ე წუთზე მოიტანა, როდესაც მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა თორნიკე მუმლაძემ გოლი გაიტანა.

საქართველოს თასი - Sputnik საქართველო
ფეხბურთში საქართველოს თასის ფინალი 18 მაისს ქუთაისში გაიმართება

იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია „ჩიხურას“ თავდაცვა და მიღწეული უპირატესობის შენარჩუნება, ის ფაქტი მეტყველებს, რომ სოსო ფრუიძის გუნდმა შინ ჩატარებულ 14 მატჩში საკუთარ კარში მხოლოდ ოთხი გოლი გაუშვა.

მიუხედავად ამისა, „სიონის“ ფეხბურთელები დროზე ადრე დანებებას აშკარად არ აპირებდნენ და მეორე ტაიმში მინდორზე რევანშის აშკარა სურვილით გამოვიდნენ. დასახულ მიზანს არმაზ ჯელაძის გუნდმა საკმაოდ სწრაფად მიაღწია. 54-ე წუთზე გიორგი ვასაძის მცდელობამ ნაყოფი გამოიყო.

დარჩენილ დროში მოგების მეტი შანსი მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ სტუმრები მედგრად იცავდნენ კარს. ანგარიში — 1:1 მატჩის ლოგიკური დასასრული გახდა.

აქ ერთი რამ უნდა აღინიშნოს — 18 მაისს „სიონი“ თბილისის „დინამოს“ საქართველოს თასის ფინალში დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, სწორედ ბოლნისის კლუბი გახდება უეფას ევროპის ლიგაში ქვეყნის წარმომადგენელი. ასეთ ვითარებაში „ჩიხურას“ მეოთხე ადგილი არანაირ დივიდენდებს არ მოიტანს.

© საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი"ჩიხურა" - "სიონი" 1:1
ჩიხურა - სიონი 1:1 - Sputnik საქართველო
"ჩიხურა" - "სიონი" 1:1

როქირება გავარდნის ზონაში

სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში ადგილების ცვლა კალეიდოსკოპური სისწრაფით მიმდინარეობს. „ზუგდიდი“, „მერანი“ და „საპოვნელა“ კვლავ არკვევენ, რომელი ორი გუნდი გაემგზავრება პირველ ლიგაში და ვის დარჩება უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი.

საანგარიშო ტურის შემდეგ თავისი აქციები გაზარდეს „ზუგდიდის“ ფეხბურთელებმა. მათ საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტი — „მერანი“ მიიღეს და გაიმარჯვეს. გურამ სამუშიამ ჰეთ-ტრიკი გააფორმა და „ზუგდიდს“ მე-14 ადგილზე გადანაცვლების საშუალება მისცა.

„ზუგდიდი“-„მერანის“ მატჩიდან სარგებლის მიღება „საპოვნელას“ შეეძლო, მაგრამ თერჯოლის გუნდს ძლიერი მეტოქე — ქუთაისის „ტორპედო“ ჰყავდა, რაც აისახა კიდეც საბოლოო ანგარიშზე. ქუთაისელებმა 4:1 გაიმარჯვეს და „საპოვნელა“ ბოლო ადგილზე „მოიტყორცნეს“.

ჩემპიონის ლოკალური ამოცანები

თბილისის „დინამო“, რომელიც ჩემპიონი გახდა, სეზონს „ლაით“-რეჟიმში ასრულებს, მაგრამ იურაი იარაბეკის გუნდი ბოლომდე მოდუნების ნებას საკუთარ თავს არ აძლევს.

28-ე ტურში „დინამომ“ მშობლიურ „დინამო არენაზე“ ლანჩხუთის „გურიას“ უმასპინძლა, რომელიც ჯერ მშვიდად ვერ გრძნობს თავს, რადგან გავარდნის ზონიდან მხოლოდ ოთხი ქულა აშორებს.

აქედან გამომდინარე, სტუმრების მოტივაცია ცხადი იყო. მაგრამ უფრო მეტად იყო მოტივირებული მასპინძელთა თავდამსხმელი — გიორგი ქვილითაია. ამ შეხვედრის დაწყებამდე ფორვარდის ანგარიშზე ოცი გატანილი გოლი იყო. ამ სეზონში მის კონკურენციას, დიდი ალბათობით, ვეღარავინ გაწევს, მაგრამ ფორვარდმა მიზნად კიდევ უფრო დიდი ამოცანა — თბილისის „დინამოს“ საუკეთესო ბომბარდირებთან გათანაბრება გადაწყვიტა.

ალექსანდრე იაშვილსა და ლევან მელქაძეს სხვადასხვა სეზონში „დინამოსთვის“ 27-27 გოლი აქვთ გატანილი, მიხეილ აშვეთიასა და გიორგი დემეტრაძეს — 26-26.

„გურიის“ წინააღმდეგ თამაშში ქვილითაიამ ჰეთ-ტრიკი შეასრულა („დინამომ“ ანგარიშით 3:2 მოიგო). ახლა უკვე თავდამსხმელის ანგარიშზე 23 გატანილი გოლია და ლიდერების გოლებამდე სულ ცოტა დარჩა.

28-ე ტურის მატჩების შედეგები

„დილა“ – „საბურთალო“ 2:1
ბათუმის „დინამო“ – „ლოკომოტივი“ 1:0
„ცხინვალი“ – „შუქურა“ 5:0
„ზუგდიდი“ – „მერანი“ 3:0
„კოლხეთი“ – „სამტრედია“ 0:3
„ტორპედო“ – „საპოვნელა 4:1
„ჩიხურა“ – „სიონი“ 1:1
თბილისის „დინამო“ – „გურია“ 3:2

ბოლოსწინა, 29-ე ტურის მატჩები 13 და 14 მაისს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0