თბილისი, 10 მაისი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია საარჩევნო სიის ფორმულირებასთან დაკავშირებით ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციების გამართვის შესახებ.
„ნაცმოძრაობის“ ექს-ლიდერმა სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორია, პარტიის ხელმძღვანელის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა. თუმცა, ის ამ დრომდე მოიაზრება პარტიის არაფორმალურ ლიდერად.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი იძულებულია იყოს სხვა ქვეყანაში, რჩება ჩვენს პარტიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადამიანად, რომლის აზრს უდიდესი მნიშვნელობა აქვს პარტიისთვის", — განაცხადა ბარამიძემ რადიო „პირველი რადიოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
რაც შეეხება პარტიულ სიას, ბარამიძის სიტყვებით, მისი ფორმირება დასრულებული არ არის. კონსულტაციები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს და თითოეულისთვის საინტერესოა მიხეილ სააკაშვილის აზრი.
„პოლიტიკურ საბჭოს პარტიის სამდივნომ წარუდგინა სიის ის ნაწილი, რომლის ფორმირება და შეთავაზება ევალებოდა სამდივნოს. ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ დაამტკიცა, ხოლო სრული სია 15 მაისისთვის იქნება დამტკიცებული“, — აღნიშნა ბარამიძემ.
გასულ კვირას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ დატოვა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ პარტიის პოლიტსაბჭოს 4-საათიანი სხდომა გაიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნაცმოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ პარტიულ სიაში ბევრი ახალი სახე იქნება.
დღეს ქვეყნის ყოფილ მმართველ პარტიას სათავეში პოლიტსაბჭო უდგას. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2016 წელს გაიმართება.