თბილისი. 9 მაისი— Sputnik. ქართველი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი (-100 კგ) „დიდი მუზარადის“ სერიიდან ტურნირის გამარჯვებული გახდა, რომელიც ბაქოში დასრულდა, იუწყება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ვებ-გვერდი.
ფინალურ ორთაბრძოლაში ღვინიაშვილმა უნგრეთის წარმომადგენელს მიკლოშ კირჟენიქსს აჯობა.
ლაშა თაველური, ამ წონითი კატეგორიის საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი, მერვედფინალამდე მივიდა, სადაც რუსეთის წარმომადგენელს ადლან ბისულთანობს დაუთმო.
ტურნირის დასკვნით დღეს ბაქოში მედლები კიდევ ორ წონით კატეგორიაში გათამაშდა-90კგ-მდე და 100კგ-ზე მეტი. მაგრამ ქართველი ძიუდოისტების გამოსვლას წარმატებულს ვერ ვუწოდებთ. უშანგი მარგიანმა პირველ რაუნდშივე წააგო, თორნიკე ჯუღელმა კი მეორეში.
მძიმეწონოსნებს რაც შეეხება, ადამ ოქრუაშვილმა, რომელიც საუკეთესო ფორმაში არ იმყოფება, პირველივე წრეში ლიტველ მარიუს პასკევიჩუსთან წააგო, ლევან მათიაშვილი მერვედფინალიდან გავარდა, რადგან აბდულო თანგრიევს უზბეკეთიდან დაუთმო.
ტურნირზე ბაქოში საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით არ იყო წარმოდგენილი. კაზანში ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ, სადაც ქართველებმა გუნდურ შეჯიბრებაში ოქრო მოიპოვეს, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ მოწინავე სპორტსმენებს დასვენების საშუალება მისცა. საქართველოს ნაკრებმა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადისათვის შვიდიდან შვიდივე ლიცენზია მოიპოვა.