თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტები „დიდი სლემის“ ტურნირის მეორე დღეს კვლავ მედლების გარეშე დარჩნენ, იუწყება IJF-ის ოფიციალური ვებგვერდი.
73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ეროვნულ გუნდს ანზორ ხმიადაშვილი და ფრიდონ გიგანი წარმოადგენდნენ, მაგრამ მეორე რაუდს ვერცერთი სპორტსმენი ვერ გასცდა. ხმიადაშვილმა ბრძოლა რუს უალი კურჟევთან წააგო, ხოლო გიგანმა — მონღოლ ოჩირ საინჟრალთან.
რაც შეეხება 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიას, ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსი ამბაკო ავალიანს ჰქონდა. ქართველი რეპეშაჟში გავიდა, მაგრამ პირველივე ორთაბრძოლაში პორტუგალიელ კარლოს ლუსთან წააგო.
ამავე კატეგორიაში კობა მჭედლიშვილი 1/8 ფინალში გავიდა, სადაც ბულგარელ ივაილო ივანოვთან წააგო.
ბაქოს ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებს ექვსი ძიუდოისტი წარადგენს: თორნიკე ჯუღელი და უშანგი მარგიანი (-90 კგ); ლაშა თაველური და ბექა ღვინიაშვილი (-100 კგ); ადამ ოქრუაშვილი და ლევან მათიაშვილი (+100 კგ).
ბაქოს ტურნირზე საქართველოს ნაკრები მეორე შემადგენლობით არის წარმოდგენილი. ყაზანში ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ ტურნირში ტრიუმფის შემდეგ, ნაკრების მთავარი მწვრთნელის ირაკლი უზნაძის გადაწყვეტილებით, საქართველოს ძიუდოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ისვენებს.
რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა შვიდი შესაძლებლიდან შვიდი ლიცენზია მოიპოვა.