თბილისი, 9 მაისი — Sputnik. საქართველოსთვის ევროსაბჭოს სამწლიანი სამოქმედო გეგმა ბევრად ამბიციურია, ვიდრე აქამდე იყო, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გეგმის პრეზენტაციაზე.
საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა ევროპის საბჭოს მიერ 2016-2019 წლებში საქართველოში განსახორციელებელ პროექტებს მოიცავს.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დანიელ მიტოვი და ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატაინი–დრაგონი.
„აღნიშნული სამოქმედო გეგმა ბევრად ამბიციურია, ვიდრე 2013–2015 წლების გეგმა. ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა, პირველ რიგში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ევროკავშირისგან და ასევე სხვა წევრი ქვეყნებისგან“, — განაცხადა ჯანელიძემ პრესკონფერენციაზე.
სამოქმედო გეგმა მიმდინარე წლის მარტში მიიღეს საქართველოს ხელისუფლებისა და ევროსაბჭოს კონსულტაციების შემდეგ.
„მინდა მადლობა მოვახსენო ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მხარდაჭერისთვის… ვაგრძელებთ შეხვედრებს პარტნიორებთან, რათა შემდგომი დახმარების მობილიზება მოხდეს ამ გეგმის ეფექტური განხორციელებისთვის“, — განაცხადა ჯანელიძემ.