გენადი ნიკიფოროვიჩი ომის დამთავრების შემდეგ საქართველოში მოხვდა და სამუდამოდ აქ დარჩა. მან Sputnik-ს საკუთარი მძიმე, თუმცა საინტერესო ცხოვრების ამბავი მოუთხრო.
„ომი რომ დაიწყო, ბელარუსში ვიყავი. ერთი კვირის მერე გერმანელები უკვე ჩვენთან, ვიტებსკში შემოვიდნენ და ყველა ახალგაზრდას დარეგისტრირებას აიძულებდნენ. გერმანელმა კომენდანტმა ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმადაც, მე და ჩემი და, სხვა გოგო–ბიჭებთან ერთად, გერმანიაში უნდა გავეგზავნეთ. ეს იმიტომ, რომ იქ შავი მუშები არ ჰყოფნიდათ.
რა თქმა უნდა, წასვლა არავის უნდოდა და ამიტომ იძულებით გვაგზავნიდნენ. მე და ჩემი და წასვლის წინა ღამეს სახლიდან გავიპარეთ.
დილით პოლიციელები მისულან და რომ არ დავხვდით, სახლი დაგვიწვეს. მთელი ოჯახი ლტოლვილებად ვიქეცით. ზაფხულობით ჭინჭარს ვჭამდით, ზამთრობით კიდევ ხის ქერქებით ვიკვებებოდით.
როცა პარტიზანთა რაზმები გამოჩნდნენ, მაშინვე შევუერთდი. იქ, ძირითადად, ის ხალხი იყო, ვინც ასაკის გამო ფრონტზე არ გაიწვიეს.
1942 წელს დავიჭერი და გერმანელებმა ტყვედ ამიყვანეს. საკონცენტრაციო ბანაკი ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. პირდაპირ კი არ ხოცავდნენ ხალხს, ნელ–ნელა წოვდნენ სიცოცხლეს. ახალგაზრდებს სისხლის გადასასხმელად იყენებდნენ — დაჭრილი გერმანელი ჯარისკაცების გვერდით აწვენდნენ, ვენებს უხსნიდნენ და მთელ სისხლს აცლიდნენ. მკვდარს კი ნაგავივით აგდებდნენ.
პატარებს — მაშინ 13 წლისა ვიყავი — დაცვა დიდ ყურადღებას არ გვაქცევდა და მეც გამოქცევა მოვახერხე.
მახსოვს, 1945 წლის 9 მაისს კარგი დარი იდგა, ყველაფერი ყვაოდა და სურნელს აფრქვევდა… ყველანი ვტიროდით, რომ გავიგეთ, ომი დამთავრდაო. ეს უბრალოდ ომის დასასრული კი არ იყო, არამედ ყველა იმ საშინელებისა, რისი გადატანაც მოგვიხდა.
მაშინ 16 წლისა ვიყავი. სკოლა რომ დავამთავრე, არმიაში ვიმსახურე და მერე მინსკის უმაღლეს სასწავლებელში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე.
სტუდენტების გაცვლის პროგრამით თბილისში მოვხვდი და აქ დავამთავრე იურიდიული. მერე შემიყვარდა და დავქორწინდი. უკან აღარ წავსულვარ, აქ დავრჩი.
ორი ჯილდო მაქვს — „სამამულო ომის“ მეორე ხარისხის ორდენი და „სამამულო ომის პარტიზანის“ მეორე ხარისხის მედალი. ამაყი ვარ, რომ რაღაც წვლილი მეც მიდევს უზარმაზარ გამარჯვებაში.
მომავალ თაობას ვუსურვებ მშვიდობას. ომი საშინელებაა და ღმერთმა არ ქნას, კიდევ ვინმემ გადაიტანოს იგი".