ომის ვეტერანი, რომელიც „სუპერ ბაბუა“ გახდა

© Sputnik, Alexander Imedashvili ვაკი პარკში გამარჯვების დღეს ზეიმობენ
ვაკი პარკში გამარჯვების დღეს ზეიმობენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა, სწორედ ამ გამარჯვებამ გადაწყვიტა ქვეყნის მომავალი. წლიდან წლამდე ამ დღეს ველოდები, მიხარია, რომ ვახსოვართ, გვეფერებიან და პატივს გვცემენ. ეს დღე ჩემთვის ყველაფერია, აცხადებს ტრისტან კვატაშიძე.

ნინი რაზმაძე

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ტრისტან კვატაშიძე სამ შვილიშვილთან და შვილთან ერთად ცხვორობს. 87 წლის ასაკში ბატონი ტრისტანი ისევ ახერხებს საინტერესო და აქტიური ცხოვრებით იცხოვროს — ადრე სამხედრო ქარხანაში მუშაობდა და ფრონტის ხაზს ამარაგებდა, დღეს კი სახლში სახელოსნო აქვს გახსნილი და დოლებს ამზადებს, ერთი მოწაფე ჰყავს და „კათარზისში“ დადის, სადაც მისი ყოველი დღე საინტერსო და მრავალფეროვანია.  

© NINI RAZMADZEტრისტან კვატაშიძე
ტრისტან კვატაშიძე - Sputnik საქართველო
ტრისტან კვატაშიძე

– ბატონო ტრისტან, თქვენი ოჯახის შესახებ მოგვიყევით.

— ომი რომ დაიწყო, დედა წაიყვანეს და ფრონტის ხაზზე მედდად მუშაობდა, ბრძოლის ველიდან დაჭრილები გამოჰყავდა და უვლიდა. ბევრის სიცოხლე გადაარჩინა, მამაცობისთვის არაერთი მედლით იყო დაჯილდოებული. დედა ომის შესახებ არ ჰყვებოდა, თუმცა ვიცოდი რაც ხდებოდა. მამაჩემი სამხედრო ქარხანაში მუშაობდა, ქარხნის დირექტორის პოსტი რუს პოლკოვნიკს ეკავა. როდესაც ომი დაიწყო, მამაჩემი უნდა წაეყვანათ ფრონტზე, მაგრამ დირექტორმა უარი თქვა, ეს კაცი რომ წაიყვანოთ, მაშინ ქარხნის დაკეტვა მომიწევს, რადგან მის გარეშე ვერ იმუშავებს ქარხანაო, ამიტომ მამაჩემი აღარ წაიყვანეს…

– თქვენ რამდენი წლის იყავით, როცა მუშაობა დაიწყეთ?

— 14 წლის ვიყავი. როცა დედა წაიყვანეს ფრონტზე, მამა მუშაობდა და სახლში მარტო დავრჩი. მამაჩემს ჩემი მარტო დატოვება არ უნდოდა, ქარხნის დირექტორს სთხოვა, რომ ქარხანაში ავეყვანე. ასე დავიწყე მუშაობა და წარჩინებული მუშაკიც გავხდი. მაშინ ყველას ძალიან უჭირდა, ქარხანას თავისი მაღაზია ჰქონდა, იქ მივდიოდით პროდუქტის საყიდლად. ყველას ჩვენი ნომრები გვქონდა და ტალონებით ვიღებდით საკვებს. კარგად ვმუშაობდი, იმდენად პატარა ვიყავი, ყუთზე ვიდექი და ისე ვმუშაობდი, ვერ ვწვდებოდი დაზგას. ჩემი მუყაითობის წყალობით მე 800 გრამ პურს ვიღებდი მაშინ, როცა სხვებს 400 გრამს აძლევდნენ.  

© NINI RAZMADZE2015 წლის 9 მაისს ტრისტან კვატაშიძე ფაშიზმზე გამარჯვებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.
2015 წლის 9 მაისს ტრისტან კვატაშიძე ფაშიზმზე გამარჯვებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა. - Sputnik საქართველო
2015 წლის 9 მაისს ტრისტან კვატაშიძე ფაშიზმზე გამარჯვებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.

– სწავლას თავი დაანებეთ?

— არა, თან ვმუშაობდი და თან ვსწავლობდი. დიდი დრო მიჰქონდა მუშაობას. ქარხანაში ღამის რვა საათზე რომ წავიდოდი, დილის რვა საათამდე მიწევდა ხოლმე მუშაობა. თბილისში ორჯონიკიძის სახელობის მანქანათმშენებლობის ქარხანაში ვიყავით. ზოგი ნამდვილი მუშა იყო, ზოგი ყალთაბანდი, მე მამაჩემს ხომ არ შევარცხვენდი, ამიტომ ჩვეულებრვივად ვმუშაობდი.

– ჯილდოებზე მომიყევით.

— ფაშიზმზე გამარჯვებისთვის მედლით დამაჯილდოვეს, 1943 წელს გაზეთისთვის ფოტოც გადამიღეს. 1947 წლამდე ქარხანაში ვმუშაობდი. ავტომატებს, თოფებს, ხელყუმბარებს ვაკეთებდი ამ პატრა ხელებით. მე პატარა ვიყავი და ფრონტის ხაზზე არავინ გამიშვებდა, ამიტომ ფრონტის მომმარაგებელი ვიყავი. დედაჩემი ფრონტზე დაიჭრა და სახლში დაბრუნდა.

– ომის შემდეგ რას აკეთებდით?

— ომი რომ დასრულდა, მუსიკოსი გავხდი. დოლზე ვუკრავდი და სხვადასხვა ენებზე — ქართულად, რუსულად, სომხურად, თათრულად, ებრაულად ვმღეროდი.  

© NINI RAZMADZE"სუპერ ბაბუა" ტრისტან კვატაშიძე
სუპერ ბაბუა ტრისტან კვატაშიძე  - Sputnik საქართველო
"სუპერ ბაბუა" ტრისტან კვატაშიძე
 

– დღეს რითი ხართ დაკავებული?

— სახლში ვმუშაობ, დოლს ვაკეთებ, „კათარზისში“ დავდივარ, იქ კი კონცერტებს ვმართავთ, ვმღერით, სხვადასხვა ღონისძიებებში ვმონაწილეობ. „კათარზისში“ „სუპერ ბაბუა“ გავხდი. საახალწლოდ ყოველ წელიწადს იმართება ღონისძიება, რომელზეც „სუპერ ბებიას“ და „სუპერ ბაბუას“ ირჩევენ. კონკურსში გავედი, ვიმღერე. ჟიურის ათივე წევრმა მხარი დამიჭირა და გავიმარჯვე კიდეც. ჯილდოდ 500 ლარი და ტკბილეული გადმოგვცეს.  

– 9 მაისს როგორ აღნიშნავთ?

— ყოველ წელს ვაკის პარკში გავდივარ. სხვა ვეტერანებთან ერთად გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ვესწრები, სანთლებს ვანთებთ მემორიალთან, შემდეგ სპეციალურად ჩვენთვის გამართულ სუფრასთან გვეპატიჟებიან. ხელისუფლებამ შარშან საჩუქრად თითოეულს 1000 ლარი გადმოგვცა. ადრე 9 მაისს ერთად აღვნიშნავდით, მამასაც და დედასაც ჰქონდათ მედლები. 

– ეს დღე თქვენთვის რას ნიშნავს?

— 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა, სწორედ ამ გამარჯვებამ გადაწყვიტა ქვეყნის მომავალი. წლიდან წლამდე ამ დღეს ველოდები, მიხარია რომ ვახსოვართ, გვეფერებიან და პატივს გვცემენ. ეს დღე ჩემთვის ყველაფერია. 

ბატონი ტრისტანი წელსაც არ დაარღვევს ტრადიციას და 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს სხვა ვეტერანებთნ ერთად ვაკის პარკში აღნიშნავს. 


ყველა ახალი ამბავი
0